სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში, დაიწვა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ეკუთვნოდა 47 წლის მამაკაცს. ის ამჟამად დაკავებულია 30 იანვარს სოფელში 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით.
დამწვარია სახლის სახურავი და კარ-ფანჯარა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ხანძრის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა უწყებაში არაფერს ამბობენ ხანძრის გამომწვევს მიზეზებზე.
სოფელ ჯუგაანში ადგილობრივების ნაწილის ვარაუდით, შესაძლოა მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი მოკლული ქალის ახლობლებმა დაწვეს, შურისძიების მიზნით.
30 იანვარს სოფელ ჯუგაანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული ნახეს 70 წლამდე ქალი.
გარდაცვლილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ინციდენტის დროს სახლში არ იყო.
სამართალდამცველებმა საქმეზე დააკავეს 47 წლის მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი ქალის მეზობელია. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაწერეთ კომენტარი