Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მხარდაჭერა, როგორც საზომი - საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებისთვის


უკრაინელმა კანონმდებლებმა სხდომათა დარბაზში, მადლობის ნიშნად გაშალეს ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის დროშები - უკრაინის რადა, 1 თებერვალი
უკრაინელმა კანონმდებლებმა სხდომათა დარბაზში, მადლობის ნიშნად გაშალეს ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის დროშები - უკრაინის რადა, 1 თებერვალი

თბილისის აქტიურობის ხარისხი და პარლამენტის რეზოლუცია - "უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ" კვლავ დავისა და პოლიტიკური დაპირისპირების საგანია საქართველოში, ხოლო რუსეთის აგრესიის სამიზნე უკრაინა მხარდამჭერებს ითვლის და იმახსოვრებს.

კიევის მიმართ მხარდაჭერა სხვადასხვა ხარისხითა და სხვადასხვაგვარად, მათ შორის - ნატოს მოკავშირე რამდენიმე ქვეყნიდან თავდაცვითი იარაღის მიწოდებითაც გამოიხატება; თუმცა საერთოა პოზიცია, რომ ომი არავის სურს და უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთმა მნიშვნელოვანი საფასური უნდა გადაიხადოს.

ძლიერი ქვეყნების შემართების ფონზე ნაკლებად ან თითქმის არ ისმის არა ნატოს წევრი იმ ქვეყნების ხმა, რომლებზეც რუსეთს ზემოქმედების სხვადასხვა ბერკეტი აქვს.

  • როგორ გამოიყურება თბილისიდან კიევში გაგზავნილი სიგნალები?
  • უნდა იყოს თუ არა საქართველო, რომელსაც რუსეთი 2008 წელს დაესხა თავს, გამორჩეული უკრაინის მხარდაჭერაში?
  • როგორ იქცევიან, მაგალითად, სამხრეთ კავკასიისა თუ შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნები?

პოლონეთმა დაგვასწრო

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ საქართველო იქნებოდა პირველი სახელმწიფო, რომლის პარლამენტიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას დაამტკიცებდა; მაგრამ ვიდრე თბილისში შინაარსზე დავობდნენ, პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატაში რეზოლუციის პროექტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის თითქმის სრული კონსენსუსით დამტკიცდა - 456 მომხე, 1 - წინააღმდეგი.

საქართველოსგან განსხვავებით, პოლონეთის პარლამენტმა რეზოლუციაში რუსეთიც მოიხსენია; ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიმართ „უფრო მტკიცე“ პასუხი მოითხოვა და უკრაინისთვის „უფრო ყოვლისმომცველ“ მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი.

ნატოსა და ევროკავშირის წევრი პოლონეთი უკრაინის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერია ევროსტრუქტურებში და ახლა, უკვე ბრიტანეთთან ერთად, უკრაინასთან ახალ ალიანსს აყალიბებს.

1 თებერვალს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი კიევში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონთან ერთად იმყოფებოდა.

უკრაინის გარშემო ახალი ალიანსები იქმნება და რაიმეს ხომ არ ჩამორჩა საქართველო? - ტრადიციულ და სოციალურ მედიაში ხშირად დასმულ ამ კითხვაზე „ქართული ოცნების“ პასუხია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურად მუშაობენ და საქართველო თავისთვის სასარგებლოს არაფერს გამოტოვებს.

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი რეზოლუციის ტექსტს 1 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, საბოლოოდ მხოლოდ „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „მოქალაქეებმა“ დაუჭირეს მხარი.

რამდენიმესაათიანი ცხარე დებატების შემდეგ, ოპოზიციის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება უცვლელი დარჩა - აზრსმოკლებულია რეზოლუცია, რომელშიც საერთოდ არ ჩანს, სულ მცირე, ის, თუ - ვის მიერ არის შექმნილი უკრაინაში „სამხედრო ესკალაციის“ საფრთხე.

ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ, მხარდაჭერის გამოსახატად კიევში ჩავიდნენ. 2 თებერვალს ასეთი გეგმა გაახმაურეს „დროასა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა.

რეზოლუციის ტექსტში რუსეთის არხსენება, „ქართული ოცნების“ პოზიციით, უკრაინასა და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების სურვილით არის განპირობებული.

„რა გვინდა ჩვენ ახლა, რომ რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მივმართოთ?!“, - 2 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასეთი შეკითხვაც დასვა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ოცნება“ არ აპირებს ოპოზიციის ურაპატრიოტული მოწოდებებით ხელმძღვანელობას.

„ქართული ოცნება“ დღის პირველ ნახევარში აცხადებდა, რომ რეზოლუცია მოიწონეს უკრაინის რადაში, დღის მეორე ნახევარში კი გავრცელდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი.

„საქართველო ალბათ სხვაზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში. ამიტომ თქვენი პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას მივესალმებით. ვიმეორებ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქით, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეჭვი არ მეპარება, ყველას შეუძლია რამის გაკეთება, თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, თუკი არსებობს ამის გაკეთების უნარი. საქართველოს ნამდვილად აქვს ორივე - ნება და უნარი“, - თქვა დმიტრო კულებამ 2 თებერვალს, უცხოეთის მედიის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრაზე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს მაინც მეტი აქტიურობა ჰმართებს, რაც ხელმოწერილი ვალდებულებებითაც არის განმტკიცებული.

ვალერი ჩეჩელაშვილი თავისი პოზიციის გასამყარებელ სამ არგუმენტსაც ასახელებს:

  • „რუსეთი ჩერდება მხოლოდ მაშინ, როცა მას უპირისპირდება სერიოზული ძალა - კოორდინირებული, კონსოლიდირებული პოზიცია - თუკი მართლაც უნდა, რომ რუსეთმა უკრაინაში არ გააჩაღოს ომის ახალი ფაზა, საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს კონსოლიდირებულ პოზიციას - „ძალა ერთობაშია“. ჩვენი ყველა პარტნიორი - გლობალური (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები) თუ რეგიონალური (თურქეთი, აზერბაიჯანი) არიან ბარიკადების ერთ მხარეს“.
  • „სწორად უნდა ვიყოთ პოზიციონირებული, რომ როდესაც დაგვჭირდება (და ეს დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება, რადგან რუსეთისგან კონსტრუქციული ურთიერთობა წარმოუდგენელია), ჩვენც მივიღოთ სათანადო დახმარება. ჩვენთვის აღმოჩენილი დახმარების ხარისხი და ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, ვიდგებით თუ ჩვენ ბარიკადების სწორ მხარეს“.
  • „ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ორმხრივ ფორმატში - ეს ვალდებულებები ემყარება, პირველ რიგში, [შევარდნაძისა და კრავჩუკის მიერ 1993 წლის 13 აპრილს ხელმოწერილ] ორმხრივ ჩარჩოხელშეკრულებას - „მეგობრობის, პარტნიორობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე“. აქ „ურთიერთდახმარება“ არის საკვანძო სიტყვა, რომელიც ვერ მოიძებნება ჩვენს ვერცერთ სხვა ხელშეკრულებაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან“.

ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ ამ ვალდებულებების ერთგულება არაერთხელ უჩვენა საქართველოს და მათ შორის - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თუ მანამდე, როცა უკრაინელმა მფრინავებმა, სოხუმის დაცემის შემდეგ, ათასობით დევნილი გამოიყვანეს აფხაზეთიდან.

„ჩვენი უკრაინელი მეგობრები უფრო მეტს ელოდნენ“, - გვეუბნება ჩეჩელაშვილი უკრაინაში საკუთარი კონტაქტების გზით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ვინ (არ) ერიდება რუსეთს?

უმცირესობებისა და სახელმწიფო ენის კანონის გამო, უკრაინასთან რთული ურთიერთობა აქვს უნგრეთს, რომლის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პუტინთან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს. 1 თებერვალს, მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ორბანმა პუტინისგან უნგრეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობის გაზრდის დაპირება მიიღო.

რუსეთის გაზზეა დამოკიდებული მოლდოვაც, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები, საქართველოს მსგავსად, უნებართვოდ არიან განლაგებული. კიშინოვი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით თავშეკავებული პოზიციით გამოირჩევა.

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ მოლდოვას ზურგს უმაგრებს რუმინეთი, სადაც 4000-მდე სამხედროთი დაკომპლექტებული ნატოს მრავალეროვნული კონტინგენტი დგას.

„მოლდოველები და რუმინელები პრაქტიკულად ერთი ერია და მოლდოვის ასობით ათას მოქალაქეს რუმინეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. რუმინეთი კი, ნატოს წევრი ქვეყანაა და განზე არასოდეს დარჩება. საუბარია, რომ რუმინეთში დამატებით ჩავლენ ფრანგი სამხედროები და ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, რუმინეთი იარაღსაც მიაწვდის უკრაინას და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სახმელეთო გზით“, - ეუბნება ბატიაშვილი რადიო თავისუფლებას.

თუმცა რუმინეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დღემდე, ასევე არ გაუკეთებია უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები.

გარკვეული პერიოდი ანალიტიკოსები ლაპარაკობდნენ შავი ზღვის რეგიონში ნატოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის - თურქეთის პასიურობაზე დასავლეთის მხარდაჭერის კუთხით.

თუმცა თურქეთის პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაციის ცნობით, „უახლოეს კვირებში“ ჩავა კიევში; მანამდე კი, ანკარას კომუნიკაცია აქვს ვაშინგტონთან.

თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის ერთგვარი შუამავლის როლის შესრულებას უკვე თვეზე მეტია ცდილობს და ერდოანმა მხარეებს ანკარაში შეხვედრაც შესთავაზა. სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლო მომავალში მასთან ვლადიმირ პუტინი ჩავა.

როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან ანკარის კარგი ურთიერთობების გათვალისწინებით, ერდოანის ასეთი პოზიცია ამ ეტაპზე დიდად არავის უკვირს, თუმცა, თუკი საქმე არჩევანზე მიდგება, ზურაბ ბატიაშვილი დარწმუნებულია, რომ თურქეთი ბოლომდე ნატოს ქვეყნების მხარეს დადგება.

უკრაინასთან მიმართებით თითქმის არაფერი ისმის სომხეთიდან, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაც დგას და ყარაბაღის კონფლიქტის ბოლო გამწვავების შემდეგ, მოსკოვმა იქ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

თუმცა ბოლო კვირებში კიევში ჩასული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ასევე ყარაბაღის ომის შემდეგ ბაქოსა და მოსკოვს შორის გაღრმავებული თანამშრომლობის მიუხედავად.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ილჰამ ალიევმა 14 იანვარს კიევში ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს და მართალია, რუსეთი არავის უხსენებია, მაგრამ, როიტერსის ცნობით, ლიდერებმა გამოხატეს სურვილი, რომ ორი ქვეყანა ერთობლივად დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს შავი ზღვისა და კასპიის რეგიონებში „მზარდი დაძაბულობის ფონზე“.

ორმა პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერეს 6 შეთანხმებას - ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით და დიდ მეგობრობასაც გაუსვეს ხაზი.

საქართველოდან უკრაინაში მაღალი დონის დელეგაცია არ ჩასულა, რის საგანგებო მნიშვნელობაზეც უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ როგორც პოლიტიკოსების ნაწილი, ასევე ექსპერტები.

„მიმდინარეობს მუშაობა. საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვიმყოფებით როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. თუ საჭირო იქნება, დელეგაციაც ჩავა!“ - უთხრა ჟურნალისტებს 2 თებერვალს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაგრილება, 2013 წლის შემდეგ, სააკაშვილის ფაქტორმა გამოიწვია, როდესაც საქართველოში ძებნილად გამოცხადებულ ყოფილ პრეზიდენტს უკრაინამ პოლიტიკური თავშესაფარი, მოქალაქეობა და თანამდებობები მისცა.

დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკაა კონცენტრირებული.

ნატოს ქვეყნები ამ ფაქტს უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებად განიხილავენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG