Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვენ მიკსერი: დათმობები სიძლიერის ნიშანია


საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა სვენ მიკსერმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

მიკსერმა ევროინტერაციის პროცესის დაჩქარების კუთხით ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, სოციალური საკითხების, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, კანონის უზენაესობაზე, რაზეც, მისი თქმით, უმთავრესად, აღმასრულებელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

მისი სიტყვებით, საქართველოს ევროპასთან დაახლოების შესახებ მოლაპარაკებები „სპორტულ გუნდში გაწევრიანებას ჰგავს“, ვინაიდან სპორტულ გუნდებსაც აქვთ თავიანთი სტანდარტები.

ამასთან, სვენ მიკსერმა კომპრომისების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც, მისი თქმით, ევროპული პოლიტიკისგან განსხვავებით, ნაკლებად შეინიშნება ქართულ პოლიტიკურ წრეებში.

„ევროპარლამენტი არის ინსტიტუცია, რომელიც ორიენტირებულია კომპრომისზე და შეიძლება მეტადაც კი, ვიდრე ჩემი ეროვნული პარლამენტი. ვხედავ, რომ ევროპის დიდი ნაწილი, პოლიტიკური პარტიები მზად არიან გამონახონ საერთო ენა, წავიდნენ დათმობებზე და ეს, სინამდვილეში, სიძლიერის ჩვენებაა და არა, პირიქით. ეს არ გახლავთ სისუსტე, როდესაც რომელიმე მხარე დათმობებზე მიდის. მესმის, ქართველებს მიაჩნიათ, თითქოს დათმობა სისუსტეა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავლახოთ ეს მიდგომა. თითოეულ საფეხურზე, როდესაც გვსურს რაღაც საერთოს პოვნა ,დათმობა არის საერთო ნიადაგის პოვნა. დათმობაზე წასვლა, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ არის ჩამოყალიბებული ადამიანი, ზრდასრული, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ, ჩვენი საერთო სტრატეგიული მიზნები არ უნდა დაგვავიწყდეს“, - განაცხადა სვენ მიკსერმა.

მან აღნიშნა, რომ მოხარულია იმის ნახვით, რომ პოლიტიკა პარლამენტის შიგნით ბრუნდება, „მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ, ჩემი აზრით, ასე უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა მიკსერმა.

სვენ მიკსერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მასთან ეროვნული თანხმობის მიმდინარე პროცესზე ისაუბრა. ის ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ვიზიტის საფუძველზე იგი ევროპარლამენტს საქართველოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG