რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სახელით მიმართვის გავრცელების ფაქტის შესწავლა. ამის შესახებ ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რეს“-ი იუწყება.
მისი ინფორმაციით, ბიბილოვის „ადმინისტრაციის“ ბლანკის ასლზე დაბეჭდილი და სკანერით გადაღებული ხელმოწერით დამოწმებული მიმართვა ათეულობით ცხინვალელის საფოსტო ყუთებში აღმოჩნდა და შემდეგ სოციალური ქსელებით გავრცელდა. როგორც „რეს“-ი წერს, გაუმართავ ენაზე შედგენილი ტექსტი შეიცავს საკუთარი თავის ქებას, რომელიც „არ ახასიათებს სახელმწიფოს მეთაურს და მიზნად ისახავს პრეზიდენტის პიროვნების შესახებ დამახინჯებული წარმოდგენის შექმნას“.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება „ფეიკ-მიმართვის“ გავრცელებას აფასებს „შავ პიარად“ და მოახლოებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინ "ბიბილოვის დისკრედიტაციის და ხალხში არსებული სოციალური მხარდაჭერის შემცირების მცდელობად".
ცხინვალში გავრცელებულ რუსულენოვან მიმართვაში ნათქვამია, რომ ბიბილოვის 5-წლიანი მმართველობისას „სამხრეთ ოსეთმა მიაღწია უმაღლეს შედეგებს“ და იქცა „ძლიერ და მდიდარ ქვეყნად“, ბიბილოვმა მიაღწია იმას, რომ თითოეულ მცხოვრებს აქვს დასაქმებისა და ოჯახის ღირსეულად შენახვის შესაძლებლობა, კორუფცია, პრაქტიკულად, დამარცხებულია და შექმნილია „პროფესიონალური და პატიოსანი მთავრობა, რომელსაც რესპუბლიკა მიჰყავს ნათელი მომავლისკენ“. ტექსტის მიხედვით, „მკაფიოდ აგვარებენ საქართველოსთან საზღვრის საკითხს“ და რუსეთთან აწარმოებენ დიალოგს საბაჟოს გასაუქმებლად.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს ჩატარდება. ბიბილოვი მეორე ვადით კენჭისყრას გეგმავს. მას კანდიდატად ხვალ, 8 თებერვალს, დაასახელებენ პარტია "ედინაია ოსეტია"-ს ყრილობაზე.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში წინა "საპრეზიდენტო არჩევნები" 2017 წელს ჩატარდა და პარტია "ედინაია ოსეტია"-ს თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვმა ხმების 54%-ით დაამარცხა მაშინდელი მოქმედი "პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი. საქართველოს ამ რეგიონს ე.წ. დამოუკიდებელ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად" აღიარებენ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია და შესაბამისად, "არჩევნების" შედეგებსაც ლეგიტიმურად მხოლოდ ეს ქვეყნები მიიჩნევენ.
დაწერეთ კომენტარი