თბილისში, "ელიავას ბაზრობაზე" გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია. ადგილზე მისული სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ახლა ე.წ. მხრჩოლავ კერებს ამუშავებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ მედიას უთხრა, რომ ხანძარი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სასაწყობო სივრცეში გაჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე.
"ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება... მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელება... ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება", - თქვა კერესელიძემ.
"ელიავას ბაზრობაზე" ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 15:00 საათისთვის გავრცელდა. ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ეს "ელიავას ბაზრობაზე" ხანძრის გაჩენის პირველი შემთხვევა არ არის. ხანძრის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გასული წლის თებერვალშიც, როცა ბაზრობაზე სამშენებლო მასალა დაიწვა.