პეტიციას, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ილია იაშინმა, საიტ Change.org-ზე განათავსა, სულ რამდენიმე საათში 25 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
პეტიციის შედგენის მიზეზად იქცა კადიროვისა და მისი მაღალჩინოსნების მიერ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი იანგულბაევის ოჯახის წევრების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მისამართით გამოთქმული მუქარები.
„კადიროვმა ჩეჩნეთის რეგიონი გადააქცია სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაციის შიგნით. ჩეჩნეთში მოქმედებს თავისი წესები, ხოლო რუსეთის კანონები იქ არ მოქმედებს“, - წერია პეტიციაში.
დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, რომ კადიროვი და მისი გარემოცვა, ადგილობრივი მოხელეები „დასაშვებად მიიჩნევენ მუქარებს ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და მათი ოჯახის წევრთა წინააღმდეგ. თავიანთ რიტორიკაში ისინი აპელირებენ „სისხლის აღების“ წესით და თავის მოჭრით ემუქრებიან თავიანთ ოპონენტებს“. აქ იგულისხმება კადიროვის თანამბრძოლის, სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის მიერ იანგულბაევების მიმართ გამოთქმული მუქარები.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მისი (კადიროვის) ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განკარგულება გამოსცეს“.
“წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ყოფილმა იურისტმა, აბუბაქარ იანგულბაევმა, თხოვნით მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს, რათა შეამოწმოს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისა და სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელების გამონათქვამები, რომლებიც შეიცავს სიკვდილის მუქარას, სისხლის აღების მოტივებით მკვლელობისკენ მოწოდებას და თესავს სიძულვილსა და მტრობას. შესაბამისი მიმართვის ტექსტი იანგულბაევის ტელეგრამის არხზეა გამოქვეყნებული.
იაშინის მიერ შედგენილ პეტიციაზე რამზან კადიროვს რეაქცია ჯერჯერობით არ გამოუხატავს. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, კი განაცხადა, რომ ამ პეტიციას არ აღიქვამენ სერიოზულად, ვინაიდან Change.org-ზე „მიმდინარე ხმის მიცემის არაპერსონიფიცირებული პროცესი, შესაძლოა, ბოტების მიერ იყოს ატაცებული“.