Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას უწოდა აშშ-ის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიერ უსაფრთხოების პრინციპების თავისუფალი ინტერპრეტაცია.

მოსკოვში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან თითქმის 6-საათიანი შეხვედრის შემდეგ, გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთში ახალი წევრების ხარჯზე, რადგან რუსეთის საზღვრებთან ნატოს შემდგომი გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს. „ჩვენ არ ვმოძრაობთ ნატოსკენ, ნატო მოძრაობს ჩვენკენ, ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთი აგრესიულია, სულ მცირე არ შეესაბამება საღ აზრს“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლელი პარტნიორები იმას ეყრდნობიან, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები და ნებისმიერ სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს, რაზეც რუსეთი არასდროს დავობდა, თუმცა, თავად ალიანსის წევრებს არ აქვთ ვალდებულება მიიღონ ყველა, ვისაც ეს მოუნდება. პუტინის თანახმად, ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა მხოლოდ აშშ-ს და ნატოს სხვა ცალკეულ წევრებს სჭირდებათ ევროპულ დოკუმენტებში დაფიქსირებული დებულებების - თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების ფუძემდებლური პრინციპის ინტერპრეტაციისთვის. როგორც პუტინმა თქვა, ეს პრინციპი მოიცავს ვალდებულებას, რომ საკუთარი უსაფრთხოება არ განამტკიცო სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა იცის და არაერთხელ სმენია, რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება ალიანსში უკრაინის და საქართველოს მიღებას, მაგრამ, მაშინ უჩნდება შეკითხვა, რატომ მოაწერეს ხელი ამ სახელმწიფოებმა 2008 წელს, ბუქარესტში დოკუმენტს, რომლითაც ამ ქვეყნებს ნატოს კარი გაუღეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ მოსკოვის მიერ აშშ-ისა და ნატოსგან მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებში სამი გადამწყვეტი პუნქტია - არ დაუშვან ნატოს შემდგომი გაფართოება, უარი თქვან რუსეთის საზღვრებთან შეიარაღების და დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე და ევროპაში ნატოს სამხედრო პოტენციალი და ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას, როცა გაფორმდა რუსეთ-ნატოს ფუძემდებლური აქტი. პუტინის თქმით, აშშ-მა და ნატომ ამ საკითხებს გვერდი აუარეს და რუსეთს შესთავაზეს მისთვის მეორეხარისხოვანი წინადადებები. პუტინის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ნატოსგან 26 იანვარს მიღებულ პასუხებში რუსეთის მთავარი შეშფოთება იგნორირებულია, მათთან დიალოგს დასრულებულად არ მიიჩნევს. როგორც პუტინმა თქვა, მოამზადებენ პასუხს "იმ ქაღალდზე", რომელიც ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მიიღეს.

დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, დიალოგი აწარმოონ რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 000-ზე მეტი სამხედრო. დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს, რასაც კრემლში უარყოფენ. სამხედრო აქტივობის ფონზე, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან 2021 წლის დეკემბერში მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები ევროპაში, მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა, რაზეც 2022 წლის იანვარში უარი მიიღო. რუსეთისადმი აშშ-ის და ნატოს ერთ-ერთი საპასუხო მოთხოვნაა, საკუთარი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

XS
SM
MD
LG