Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევა საქართველოში ლაბორატორიულად არ დადასტურებულა - ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დრომდე ლაბორატორიულად არ დადასტურებულა შემთხვევა, როდესაც კორონავირუსის "ომიკრონის" შტამით ინფიცირებული ხელახლა დაინფიცირდა ამავე შტამით.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ონლაინ ფორმატში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მედიასთან საუბარში.

„ომიკრონიდან ომიკრონის რეინფიცირების შემთხვევები, ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა ლაბორატორიულად. განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ორ ქვეშტამთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლებელია იყოს, ლაბორატორიულად ხომ ყველა შტამზე არ [კეთდება ანალიზი], ამიტომ შესაძლებელია იყოს, მაგრამ ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება "ომიკრონით" ინფიცირებისგან დაცვას სრული ვაქცინაციის პირობებში, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ეს 86,9 %-ია.

"ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა 90.6 %, 94.1% დაცვა ინტენსიურში მოხვედრაზე და სიკვდილიანობაზე - 94,3%. ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში ეს დაცვა იზრდება 99%-მდე“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მესამე კვირის კოვიდინფიცირების შემთხვევების 90-95% „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 სუბშტამებია.

შესწავლილი შემთხვევების 14%-ში დასტურდება, რომ პაციენტებს წარსულში უკვე გადატანილი აქვთ COVID19-ის სხვა შტამი.

„ომიკრონით“ ინფიცირებულთა 36,1%-ს არ აქვს მიღებული ვაქცინის არცერთი დოზა. ხოლო შემთხვევათა 50% სრულად ვაქცინირებულია.

„ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევებიდან (1151 შემთხვევა), ჰოსპიტალიზებული იყო 38 ადამიანი (3,3%), ლეტალურად დასრულდა 3 შემთხვევა (0,3%).

ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის COVID-19-ის პანდემიის მერვე ანგარიშში. დოკუმენტში ასახულია ვაქცინაციის, ინფიცირების, ლეტალობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. ეს 4 იანვრის შემდეგ ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

გასულ 24 საათში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 24 616 შემთხვევა. 18 221-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

რაც შეეხება ვაქცინაციას:

8 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 755 879 აცრა;

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 340 489 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 46.6%;

სრულად ვაქცინირებულია 1 228 471 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 42.8%;

"ბუსტერ დოზით" აცრილია 184 491 ადამიანი;

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 964 (2.24%), სრულად აცრილია - 2 876 (1.62%);

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 474 (15.38%), სრულად აცრილია- 10 921 (13.47%);

7 თებერვალს ჩატარდა 4 023 აცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG