„უკრაინსკაია პრავდა"-ს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორზე, ზურაბ ადეიშვილზე კიევში თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყრდნობა.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა" აღნიშნავს, დაკავებულს ბრალად ედება ხულიგნობა, „34 წლის კაცი უცხოელია" და მისი თანამზრახველების ძებნა გრძელდება.
რამდენიმე დღის წინ კიევში უცნობი პირები თავს დაესხნენ ზურაბ ადეიშვილს. ის ჰოსპიტალიზებული იყო და საავადმყოფოში მკურნალობდა.
ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მრჩეველია.
ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა, პირადი განცხადების საფუძველზე, 2021 წელს შეუწყდა. ის რამდენიმე წელია, რაც უკრაინის მოქალაქეა.
ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ის საქართველოში დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული.
დაწერეთ კომენტარი