გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აცხადებს, რომ მისთვის მომუშავე ორი ჟურნალისტი სხვა, რამდენიმე ავღანელ თანამშრომელთან ერთად, დააკავეს ქაბულში. თალიბანმა განაცხადა, რომ მათ საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში.
„ორი ჟურნალისტი, რომლებიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაკვეთით მუშაობდნენ და მათთან ერთად დასაქმებული ავღანელი მოქალაქეები ქაბულში დააკავეს. ყველაფერს ვაკეთებთ ვითარების მოსაგვარებლად სხვებთან კოორდინაციის საშუალებით", - წერს სააგენტო 11 თებერვალს ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში. „დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ ვითარების ხასიათიდან გამომდინარე“, - დასძენს იგი.
თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰოლა მოჯაჰედმა, განაცხადა, რომ ორი პირი, რომლებმაც თავი წარმოადგინეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციისთვის დასაქმებულებმა, დაკავებულ იქნენ სათანადო საბუთების არქონის გამო. მოჯაჰედის თანახმად, მათ კავშირი ჰქონდათ ოჯახებთან და მას მერე, რაც ვინაობა დადგინდა, გაუშვეს. მათი გათავისუფლების ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროს, გაეროს და ახლობლებს, არ დაუდასტურებიათ.
შარშან აგვისტოში, ქვეყნიდან საერთაშორისო ძალების გასვლის მერე ძალაუფლების ხელში კვლავ ჩაგდების შემდეგ, დე ფაქტო მთავრობის მიმართ ისმის კრიტიკა იმის გამო, რომ მუშაობის საშუალებას არ აძლევს დამოუკიდებელ მედიას.
არცერთ ქვეყანას თალიბანის მთავრობა არ უღიარებია. ამ კვირაში შვეიცარიაში გაიმართა საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც ომით გაჩანაგებული ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გარშემო იმსჯელეს. შეხვედრაზე მიწვეული იყო თალიბანის დელეგაცია.
ავღანეთის ეკონომიკა გაჩერდა მას მერე, რაც თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ამოქმედდა სანქციები და შეწყდა საფინანსო განვითარება.
დაწერეთ კომენტარი