Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური უარყოფს სააკაშვილის მიმართ შეზღუდვის დაწესებას


რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება
რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეხვედრების შეზღუდვის შესახებ გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური. განცხადების თანახმად, სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა.

„სამსახურის მიერ დაწესებულ, რაიმე ახალი სახის შეზღუდვის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, საკუთარი უფლებების შესახებ, სრულად ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის შემდგომი მოხდა, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განესაზღვრა. „პატიმრობის კოდექსის“ 65-ე მუხლის თანახმად კი, ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის თავსდება საკანში, უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი.

მსჯავრდებული მ.სააკაშვილი, ასევე, ინფორმირებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია ჰქონდეს ორი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ერთი, დამატებითი, ხანგრძლივი პაემანი",
- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კი პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სააკაშვილი იმყოფება N12 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც განცხადებაში არის აღნიშნული, მისივე თანხმობის შესაბამისად, სააკაშვილს უტარდება ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, იღებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის რეგულარულ კონსულტაციებს და მკურნალობს დანიშნულების შესაბამისად. სამსახური აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებს ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობას პენიტენციური სამსახური უფრო იშვიათად მისცემს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუკის" გვერდით გავრცელდა.

"კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება", - წერს სააკაშვილი.

მან პენიტენციური სამსახურის ეს გადაწყვეტილება უკრაინის პროკურატურის მიერ მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირდა:

"ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა".

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაშია.

ადვოკატების ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანის დროს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ. გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილზე იძალადეს გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც, სადაც ის მკურნალობდა. ექსპრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურამ ამ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო.

XS
SM
MD
LG