Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: მითხრეს, რომ ციხეში ოჯახთან პაემანი მხოლოდ თვეში ერთხელ შემეძლება


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობას პენიტენციური სამსახური უფრო იშვიათად მისცემს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუკის" გვერდით გავრცელდა.

"კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება", - წერს სააკაშვილი.

მან პენიტენციური სამსახურის ეს გადაწყვეტილება უკრაინის პროკურატურის მიერ მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირდა:

"ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა".

განახლება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური. განცხადების თანახმად, სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაშია.

ადვოკატების ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანის დროს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ. გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილზე იძალადეს გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც, სადაც ის მკურნალობდა. ექსპრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურამ ამ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო.

XS
SM
MD
LG