Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი: ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტით ფულს დაზოგავს ჩემი სახელმწიფო


"მოქალაქეების" ლიდერი და პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მის კოლეგას "ლეიბორისტული პარტიიდან", შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამლოსილება უნდა შეუწყდეს. მან პლენარულ სხდომაზე კოლეგას უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უწოდა.

"ძალიან მინდოდა, შალვა ნათელაშვილი ამ დარბაზში ყოფილიყო და მისთვის პირადად მეთქვა, რასაც ვფიქრობ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე. მიმაჩნია, რომ ის არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ქართველ პოლიტიკოსებში. მე მხარს დავუჭერ მისთვის მანდატის შეწყვეტას, ამით ფულს დავუზოგავ ჩემს სახელმწიფოს, იქნებ, რამე ხეირიანს მოხმარდეს ის ფული", - თქვა ელისაშვილმა.

"მოქალაქეების" ლიდერმა დადებითად შეაფასა კიდევ ერთი ოპოზიციონერის, "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმიანობა და თქვა, რომ წინააღმდეგია მას დეპუტატის მანდატი შეუჩერდეს.

"ვერავინ დამაბრალებს, რომ "ლელო" შემიყვარდა და აღმატებული წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მე ვაკვირდები, ვინ როგორ მუშაობს და ვის როგორ უნდა, რომ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი გამოიყენოს ქვეყნის სასიკეთოდ. ჩემი კონკურენტი პარტიის ლიდერია ბატონი ბადრი. სხვა არ იტყოდა, მაგრამ მე ვიტყვი: ის არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატი, ძალიან კარგი დეპუტატი, განხილვებში ჩართული. ასეთი დეპუტატი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ უკეთესი გახდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისთვის მანდატის შეწყვეტა იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება", - თქვა ელისაშვილმა.

დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილება. "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია, თქვა, რომ მათ უფლებამოსილებას შეუწყვეტენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG