Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცის თქმით, უკრაინის გარშემო კრიზისის დიპლომატიის გზით მოგვარება შესაძლებელია


ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ოლაფ შოლცი
ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ოლაფ შოლცი

კრემლში დასრულდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ის მოსკოვში ჩავიდა უკრაინის გარშემო კრიზისის დროს. „ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ (რუსეთის) 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე აშკარა მიზეზის გარეშე არის თავმოყრილი უკრაინის საზღვრებთან. მთავარია, არ დაიწყოს ომი“, - თქვა მან. ცნობას იმის შესახებ, რომ დაიწყო უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების ნაწილის გაყვანა, მან კარგი ნიშანი უწოდა. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს რუსეთთან მოლაპარაკებები, მათ შორის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. ამასთან, აღნიშნა ამ საკითხში მხარეებს შორის პოზიციების სხვაობა. მან თქვა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს.

თავის მხრივ პუტინმა უკრაინას ბრალი დასდო, რომ ის არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს დონბასში სამშვიდობო დარეგულირების თაობაზე. შოლცის თქმით, გუშინ კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი ვლოლოდიმირ ზელენსიკი მას დაჰპირდა, რომ მალე იქნება შემუშავებული კანონპროექტები, რომლებიც გათვალისწინებულია მინსკის შეთანხმებებით.

შოლცმა ასევე ახსენა რუსეთის ხელისუფლების ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე. მან ახსენა სასამართლოს მიერ ორგანიზაცია „მემორიალის“ აკრძალვა და მოსკოვში გერმანული მაუწყებლის, Deutsche Welle-ს ბიუროს დახურვა, რაც რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა. კანცლერმა ისაუბრა რუსეთის ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ალექსეი ნავალნიზე და თქვა, რომ, მისი აზრით, ნავალნის პატიმრობა არ არის კანონიერი. დღეს ვლადიმირის ოლქის კოლონიაში ნავალნის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო.

Deutsche Welle-ს კორესპონდენტის შეკითხვას, მზად არის თუ არა პუტინი იმის გარანტირებისთვის, რომ ევროპაში არ იქნება ომი, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ მიზნის მისაღწევად წამოაყენა რუსეთმა საკითხი „უსაფრთხოების გარანტიებზე“, რომელთა შორისაა უკრაინისთვის ნატოში მიღებაზე უარის თქმა. პუტინმა ასევე დონბასში მიმდინარე მოვლენებს უწოდა „გენოციდი“ პასუხად შოლცის რეპლიკაზე, რომ ნატოს ოპერაცია იუგოსლავიაში მიზნად ისახავდა გენოციდის შეჩერებას. ვინ აწარმოებს გენოციდს დონბასში და რატომ მიაჩნია მას იქ მიმდინარე მოვლენები გენოციდად, პუტინს არ უთქვამს.

რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა მის მიმართ რუსეთის სახელმწიფო დუმის მოწოდებაზე, აღიაროს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. ამასთან იმედი გამოთქვა, რომ მინსკის შეთანხმებები შესრულდება (ეს შეთანხმებები არ ითვალისწინებს სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების დამოუკიდებლობას). შოლცმა რუსეთის მიერ „დსრ-ისა“ და „ლსრ-ის“ დამოუკიდებლობის შესაძლო ცნობას მინსკის შეთანხმებების დარღვევა და „პოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შესახებ საუბრისას გერმანიის კანცლერმა ფაქტობრივად თქვა, რომ ამ პროექტის ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, დაიწყებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას.

ოლაფ შოლცმა, ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც გასულ კვირაში სტუმრობდა მოსკოვში, უარი თქვა რუსეთში კორონავირუსის ტესტის გაკეთებაზე. კრემლში შოლცი და პუტინი ექვსი მეტრის სიგრძის მაგიდას უსხდნენ საპირისპირო მხარეებზე. ორი ქვეყნის ლიდერები პრესკონფერენციაზეც მნიშვნელოვან მანძილზე იდგნენ ერთმანეთისგან. ასევე ჩატარდა პუტინის მოლაპარაკებები და ერთობლივი პრესკონფერენციები მაკრონთან და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.

XS
SM
MD
LG