Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა" რუსთავში შუალედურ არჩევნებში მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს


ხატია დეკანოიძე

პარტია „ლელო"-ს ოფისში კონსულტაციის დაწყებამდე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ შუალედურ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს.

„ბადრი ჯაფარიძე სრულიად უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი, არ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ, ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები მისი ხასიათიდან გამომდინარე, არის ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბატონი ბადრის მხრიდან.

რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში", - თქვა დეკანოიძემ.

15 თებერვალს „ლელო"-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება.

2022 წლის 2 აპრილს რუსთავში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, ბათუმში კი - საკრებულოს მაჟორიტარს.

შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

საქართველოს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრა პარლამენტში 15 თებერვალს გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხებოდა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG