Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008 წლის საქართველო და 2022 წლის უკრაინა - მსგავსება და განსხვავება


უკრაინელი ჯარისკაცი საბავშვო ბაღის შენობასთან, რომელსაც სეპარატისტების მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა. სტანიცა ლუგანსკას, 17 თებერვალი, 2022 წელი.
უკრაინელი ჯარისკაცი საბავშვო ბაღის შენობასთან, რომელსაც სეპარატისტების მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა. სტანიცა ლუგანსკას, 17 თებერვალი, 2022 წელი.

2022 წლის უკრაინაზე საუბრისას ქსპერტები თუ დიპლომატები სულ უფრო ხშირად იხსენებენ 2008 წლის ომს საქართველოში. - რა ხელწერით მოქმედებდა რუსეთის ხელისუფლება 14 წლის წინ საქართველოში და რა ხელწერა აქვს ახლა, უკრაინის წინააღმდეგ? - რა არის მთავარი განსხვავება?

2008 წელს საქართველოში, ხოლო 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შორის, სპეციალისტების დაკვირვებით, მსგავსება ბევრია, თუმცა არის განსხვავებებიც.

„გაეროს რბილმა და დამთმობმა რეაქციამ 2008 წელს შედეგად გამოიღო საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია... იმედი გვაქვს, რომ გაეროს ლიდერები გაკვეთილებს სწავლობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მაგალითით“, - თქვა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგიი კისლიცამ, 17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას და დაჟინებით მოითხოვა, რომ ამჯერად მაინც, ყველამ უფრო უფრო „ხმამაღლა“ დაიცვას გაეროს წესდების პრინციპები.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნატოს ლიდერები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის კიდევ უფრო გამწვავებულ საფრთხეზე ლაპარაკობენ და სამხედრო მოქმედებების დაწყებას ახლო მომავალში ვარაუდობენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, რუსეთის მიერ არც ქიმიური იარაღის გამოყენება და ტერაქტის მოწყობა გამორიცხა.

ამ სხდომამდე ცოტა ხნით ადრე, მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო ცნობები იმის შესახებ, რომ დონბასში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობასაც, სტანიცა ლუგანსკას ტერიტორიაზე. ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ სამი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაირღვა და აქედან 38 შემთხვევაში აკრძალული შეიარაღება გამოიყენეს.

მზარდი დაძაბულობის ფონზე, ბოლო დღეებში, სულ უფრო ხშირად ავლებენ პარალელებს 2008 წლის საქართველოსთან, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე.

„2008 წლის საქართველოს ჰგავს: კრემლის მიერ კონტროლირებული სეპარატისტები ესროდნენ საქართველოს სოფლებს. საქართველოს ხელისუფლებამ შეუტია, რათა შეეჩერებინა ეს [თავდასხმები]. პუტინს თავისი საბაბი ჰქონდა ომისთვის“, - წერს ტვიტერზე ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი დენიელ ფრიდი.

მას იმედი აქვს, რომ "უკრაინელები არ წამოეგებიან პროვოკაციას".

2008 წლის საქართველოსა და 2022 წლის უკრაინას შორის პარალელებს ავლებს ასევე, მაგალითად, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დიპლომატი მეთიუ ბრაიზაც და ამაზე მიანიშნებს საერთაშორისო მედიაც.

2008 წელს, კრემლის მფარველობით მოქმედი სეპარატისტების თავდასხმები განსაკუთრებით გახშირდა ივლისის მიწურულს. თითქმის ყოველდღე იბომბებოდა დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის ქართული სოფლები.

საეჭვო ევაკუაცია

ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებენ, რომ აგვისტოს ომს წინ უსწრებდა ცხინვალის მცხოვრებთა მასოვრივი ევაკუაცია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისული რეგიონის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ ცხინვალიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გაყვანა აგვისტოს პირველ დღეებში დაიწყო. რუსულენოვანი წყაროების ცნობით, „დაგეგმილად და ორგანიზებულად“ მიმდინარე პროცესში რუსეთში გადაიყვანეს ცხინვალის 4 ათასი მკვიდრი, ხოლო „იმავე დროს, ქალაქში [ცხინვალი] რუსეთის მედიის დაახლოებით 5 ათასი ჟურნალისტი გაჩნდა“.

ამჟამად კი ევაკუაციაზე დონბასელი სეპარატისტების ლიდერები ლაპარაკობენ.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ლიდერმა, დენის პუშილინმა 18 თებერვალს გამოაცხადა, რომ „მასობრივი, ცენტრალიზებული“ პროცესის ფარგლებში მოსახლეობა უპრობლემოდ გადავა რუსეთში და განთავსდება როსტოვის ოლქში. პუშილინი, კოკოითის მსგავსად, აცხადებს, რომ ამ პროცესში უპირატესობა ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს მიენიჭებათ.

ოდნავ მოგვიანებით, ასეთივე გეგმაზე ისაუბრა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმაც. ამ გეგმითაც, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას რუსეთში ელოდებიან.

ევაკუაციის მიზეზად, ორივე შემთხვევაში, სახელდება მოლოდინი, რომ, დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით, კიევი „ახლო მომავალში“ დაესხმება თავს მშვიდობიან მოსახლეობას.

მართავს წვრთნებს და უკან აღარ მიდის

„ცხელი თავები [კიევში]“ - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 17 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი ვერშინინის მიერ ნათქვამმა ამ სიტყვებმა 2008 წელი გაახსენა ქართველ ექსპერტებსაც.

„ჩვენთან მიმართებითაც იგივეს ამბობდნენ - „ცხელი თავები [თბილისში]“... ანუ ეს იყო დაბრალება, რომ ომი უნდა არა მათ, არამედ მეორე მხარეს. ამ დროს კი, [რუსეთი] თვითონ აწვდის იარაღს, სამხედრო წვრთნებს იყენებს თავისი ჯარების მაქსიმალური მობილიზებისთვის და შემდეგ აღარ აბრუნებს უკან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სერგი კაპანაძე.

მასშტაბური სამხედრო წვრთნა - «Кавказ 2008» ცხინვალის რეგიონში, რუსეთის 58-ე არმიის მონაწილეობით, 2008 წლის 2 აგვისტოს დასრულდა.

არაერთი წყაროს ცნობით, რუსეთის 58-ე არმიის შენაერთები, უკვე 7 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსული. ამას ადასტურებს აფხაზეთის მაშინდელი ლიდერის, სერგეი ბაღაფშის კომენტარიც, რომელიც, სწორედ 7 აგვისტოს, რუსეთის ტელევიზიების ეთერში გავიდა.

ახლა კი, განგაშს იწვევს რუსეთის მიერ ბელორუსთან ერთად ჩატარებული მასშტაბური სამხედრო წვრთნა - "Союзная решимость - 2022", რომლის დასრულების ვადად დასახელებულია 20 თებერვალი.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შენაერთები, რომლებმაც წვრთნებში მონაწილეობა დაასრულეს, თანდათან უბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილებს.

თუმცა მსგავსს ვერაფერს ხედავს დასავლეთი. მეტიც, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსეთის მიერ მობილიზებული სამხედროების რიცხვი 150 ათასამდე გაიზარდა.

კიდევ რა მსგავსებაა?

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინელმა ელჩმა, სერგიი კისლიცამ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხის კონტექსტშიც ახსენა და აღწერა მსგავსება 2008 წელთან, როცა რუსეთის დუმამ მაშინდელ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების ერთპიროვნული უფლება მიანიჭა. 16 თებერვალს, დუმამ ასეთივე უფლებამოსილებით აღჭურვა რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ახლა უკვე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებისთვის.

სერგი კაპანაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ „აღიარების ინსტრუმენტს რუსეთი საქართველოს მსგავსად, ახლა უკვე უკრაინაში იყენებს“.

რა არის განსხვავებული?

2008 წლის საქართველოსა და 2022 წლის უკრაინის შემთხვევაში, რუსეთის მსგავს ხელწერას ხედავს პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძეც, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი. თუმცა მისთვის თვალსაჩინოა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება და ომის საფრთხეების მიმართ ეს - დასავლეთის ბევრად უფრო ფხიზელი მიდგომაა.

„მაშინ [2008 წელს] ამისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო საქართველოც და დასავლეთიც. დღეს წინააღმდეგობისთვის მომზადებულია უკრაინა და მომზადებულია დასავლეთი. ჩვენ მაშინ წავაგეთ საინფორმაციო ომი რუსეთთან, ხოლო უკრაინამ შეძლო, რომ ამის საშუალება არ მიეცა რუსეთისთვის. თუკი ამაზე პრევენციულად არ იმუშავე, შეუძლებელია ამის გაკეთება ბოლო წუთას... მთელი სიმძლავრით მუშაობდა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა და „მძინარე ცხინვალის“ სცენაც ხომ მათი მოგონილია. სპეციალური სცენების დასადგმელად იქ გადამღები ჯგუფებიც ჩაიყვანეს “, - გვეუბნება თენგიზ ფხალაძე.

ექსპერტების შეფასებით, 2008 წლის მოვლენები დასავლეთმა შესაბამისად მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერა, რაც 2014 წელს რუსეთი ახლა უკვე უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსიასთან ერთად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაცია მოახდინა.

„თუკი მაშინ [2008 წელს] დასავლეთს არ სჯეროდა, რომ რუსეთს შეეძლო, ჯარი შეეყვანა და დაებომბა მეზობელი ქვეყანა, ახლა სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა... განსხვავებაა ისიც, რომ დასავლეთი მზად არის უკვე მაღალი დონის ჩართულობისთვის“, - გვეუბნება სერგი კაპანაძე და იმედს გამოხატავს, რომ "ამ მოცემულობით, უფრო მაღალია რუსეთის შეჩერების ალბათობა".

საქართველოსა და უკრაინის შემთხვევებს შორის ექსპერტები კიდევ ერთ განსხვავებას ხედავენ, მაშინ საქართველოში ოფიციალურად იყო წარმოდგენილი რუსეთი - ე.წ. რუსი სამშვიდობოების სახით, რომლებსაც კრემლი "მათ შორის - აგრესიისთვისაც იყენებდა".

უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა ძალების კონცენტრირება უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო და თანდათან პროცესი სულ უფრო ინტენსიური გახდა. ნატოს ქვეყნები ამ ფაქტს უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებად განიხილავენ და კიევს, მათ შორის - თავდაცვითი იარაღითაც ეხმარებიან. ჯერჯერობით უშედეგოა დიპლომატიური ძალისხმევა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG