Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა


ბენი განცი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ბენი განცი, ირაკლი ღარიბაშვილი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს ბენი განცს.

ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება საერთო ინტერესების სფეროში ჩვენი კავშირების გაძლიერების შედეგად“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

18 თებერვალს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იხსნება ტრადიციული უსაფრთხოების კონფერენცია, მსოფლიოს ასეულობით ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების და ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები განიხილავენ კორონავირუსის პანდემიით, მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის ზრდით და სხვა ფაქტორებით გამოწვეულ კრიზისებსა და მსოფლიოში დაგროვილი მწვავე პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებს.

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კიდევ ერთი პლატფორმა იქნება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებისთვის. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციაც.

მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. საერთაშორისო კონფერენცია 20 თებერვალს დასრულდება.

XS
SM
MD
LG