უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 21 თებერვალს შეხვდება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც ბრიუსელში მართავენ სამიტს.
სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება უკრაინის კრიზისი, იმ ფონზე, როცა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამძაფრდა დაძაბულობა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე. აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს, მას შემდეგ, რაც საზღვართან 150 000-მდე სამხედრო განათავსა. მოსკოვი უარყოფს ამგვარი გეგმის არსებობას.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე ილაპარაკებენ ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაუარესებულ ვითარებაზე. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა 20 თებერვალს შეშფოთება გამოთქვა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოქმედი "გამხლეჩი ნაკადების" გამო, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ბოსნიელი ხორვატი ნაციონალისტები გამოვიდნენ მუქარით, რომ მოახლოებულ არჩევნებს დააზიანებენ და ბალკანეთის ამ მღელვარე ქვეყანაში თავიანთ რეგიონს შექმნიან.
დაწერეთ კომენტარი