ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად აშშ 800 ამერიკელ ჯარისკაცს იტალიიდან ბალტიის ქვეყნებში გაგზავნის.
ამის შესახებ პენტაგონმა მას შემდეგ გაავრცელა ცნობა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალტიის ქვეყნებში დამატებითი ჯარების განთავსების შესახებ განაცხადა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდასა“ და საიტ „დელფის“ ცნობით, გერმანიიდან რვა F-35 გამანადგურებელი-ბომბდამშენი თვითმფრინავი გადაინაცვლებს " ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ოპერაციების ზონაში."
გარდა ამისა, აშშ გერმანიიდან 20 ერთეული AH-64 საბრძოლო ვერტმფრენს გაგზავნის ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საბერძნეთიდან 12 შვეულმფრენი პოლონეთში დაიდებს ბინას.
ამჟამად ევროპაში 90 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული როგორც მუდმივ, ისე დროებით საფუძველზე.
"ეს დამატებითი ჯარები განლაგდებიან ჩვენი ნატო-ს მოკავშირეების დასარწმუნებლად, ნატოს წევრების მიმართ პოტენციური აგრესიის შესაკავებლად და მასპინძელი ქვეყნების მოსამზადებლად", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევის დაგეგმვას განაგრძობს.
ამ ესკალაციის ფონზე, ნატოს წამყვანი ქვეყნები განაგრძობენ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას.
კერძოდ, ნატომ გააფართოვა საჰაერო პატრულირების შესაძლებლობები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რათა სამხედრო ალიანსმა შეაჩეროს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ხშირად არღვევენ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ აღმოსავლეთ ფლანგზე არსებითად გაზარდა თავისი თავდაცვისუნარიანობა. 8 წლის განმავლობაში ალიანსმა ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი დააარსა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.
დაწერეთ კომენტარი