კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში, მათ შორის ოდესაში და ხარკოვში, ისმის აფეთქების და საარტილერიო ცეცხლის ხმა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა "საგანგებო" სამხედრო ოპერაცია უკრაინის "დემილიტარიზაციის" მიზნით.
დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები 24 იანვარს, დილით ადრე იუწყებიან, რომ შეტევა მიმდინარეობს რამდენიმე ქალაქზე და ქვეითი ჯარი უკრაინაში შედის რამდენიმე პოზიციიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან.
ტელეკომპანია CNN-ი პირდაპირ ეთერში გადასცემს ვიდეოს, რომელიც აჩვენებს აფეთქებებს დედაქალაქ კიევის რამდენიმე ადგილას. როიტერსი ავრცელებს თვითმხილველის სიტყვებს, რომ კიევში აფეთქებების ხმა ისმის.
საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა კიევის მთავარ აეროპორტთან, ბორისპოლთანაც - იუწყება ინტერფაქსი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
დაღუპულების ან დაჭრილების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება, თუმცა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ამბობს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრა დაწყებულია.
ზოგიერთი ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, გამთენიისას, სატელევიზიო გამოსვლაში უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა და უკრაინის სამხედროებს მოუწოდა იარაღი დაყარონ, მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილებებისა და გლობალური მოწოდებებისა, მოსკოვს არ დაეწყო ომი. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანი სამოქალაქო პირების დაცვაა და უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალების აღკვეთა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაუყოვნებლივ დაგმო რუსეთის "არაპროვოცირებული და გაუმართლებელი" თავდასხმა უკრაინაზე და გამოვიდა პირობით, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს პასუხს აგებინებენ.
რუსეთს უკრაინის საზღვართან 150 000-ზე მეტი სამხედრო და მძიმე შეიარაღება ჰყავდა დისლოცირებული, რასაც ნატო უწოდებდა ევროპაში სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბურ მობილიზაციას ცივი ომის დასრულების შემდეგ.
დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა ამ კვირაში, როცა პუტინმა გამოაცხადა, რომ ცნობს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობას და იქ ჯარს გზავნის, რაც დაგმეს დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ და გაეროს ხელმძღვანელმა.
პუტინი კვირების განმავლობაში უარყოფდა უკრაინაში შეჭრის გეგმის არსებობას.