Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება: სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ წერია უწყების მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

"ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG