Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუბერტ ქნირში: იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს


გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში უკრაინის საელჩოში მივიდა ელჩთან შესახვედრად. შეხვედრამდე მან მედიასთან თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები ჯერაც არ ნიშნავს დიპლომატიის მარცხს და სანქციები, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის მიიღებს, იქნება ისეთი მკაცრი, როგორიც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს.

ჰუბერტ ქნირშის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან მიმართებაში ერთნაირი პოზიცია აქვთ.

„დღეს ჩვენ ელჩები მოვედით აქ, რათა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ევროკავშირის ლიდერები დღეს შეხვედრას გამართავენ, რათა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესონ. ეს იქნება სანქციები ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ამას ვითარების სტაბილიზაციისთვის შესაბამისი ეფექტი ექნება. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს დიპლომატიამ კრახი განიცადა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უგულებელყო დიპლომატია და საერთაშორისო წესრიგი, არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არასწორია და ჩვენც უარი უნდა ვთქვათ მასზე. მჯერა, რომ საბოლოოდ ეს პრინციპები გაიმარჯვებს“, - განაცხადა ელჩმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა სანქციები რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი, გერმანიის ელჩმა განაცხადა:

„ეს იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს. ეს არის ძალიან ძლიერი სანქციები. ჩვენ ვიცით, რომ გერმანული ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ამასთან გერმანიამ შეაჩერა Nord Stream 2-ის მილსადენი. ეს არის სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე უკვე გავლენას ახდენენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, როგორ შეიცვალა რუსეთის საფონდო ბირჟები. სამწუხაროდ, ეს იქნება ძალიან მტკივნეული რუსეთში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის. ამას გაცილებით მძიმე ეფექტი ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, ვიდრე ამ დრომდე დაკისრებულ სანქციებს ჰქონდა“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG