Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლექსი ჰონჩარენკო: "ჩემი სიტყვები, რომ მათ (რუს ჯარისკაცებს) აქ ჯოჯოხეთი ელოდებათ, გამართლდა“


„გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპანტი დანაკარგს განიცდის, ჩემი სიტყვები რუსი ჯარისკაცების მისამართით - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში-მეთქი, ბევრი მათგანის შემთხვევაში გამართლდა. ბევრი მათგანი ამ ჯოჯოხეთიდან უკან ვეღარ დაბრუნდება“, - განაცხადა უკრაინის "ვერხოვნა რადას" ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

22 თებერვალს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, "ვერხოვნა რადას" ტრიბუნიდან ოლექსი ჰონჩარენკომ სპეციალურად მიმართა რუს ჯარისკაცებს და გააფრთხილა, რომ უკრაინის მიწაზე მათ სიკვდილი ელოდათ, როგორც "ქოფაკ ძაღლებს".


ოლექსი ჰონჩარენკოს თქმით, უკრაინის მთავრობა და შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა შეაჩერონ და უკუაგდონ უკრაინის მიწაზე შემოსული რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც საბოლოო მიზნად ისახავენ უკრაინის დედაქალაქის აღებას.

„ისინი (რუსი სამხედროები) უკვე იმყოფებიან კიევის ოლქში. ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს ჩერნობილში, ჩერნობილის გარშემო, რაც, სხვათა შორის, წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს მთელი კონტინენტის ეკოლოგიისთვის. მაგრამ რუსი ოკუპანტისათვის ეს სულ ერთია. ეს არის ბელარუსიდან კიევამდე მიმავალი გზა. მათ (რუს სამხედროებს) სურთ ბელარუსიდან კიევამდე ჩავიდნენ“, - განაცხადა უკრაინის "ვერხოვნა რადას" ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, რის შესახებაც უკვე აცნობა შვედეთის პრემიერს.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე 1986 წლის 26 აპრილს მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია რადიაციული ფონის ზრდა ისეთ დონემდე, რაც 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების დროს წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ხოლო ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი გავრცელდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა სხვა ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა.

„ამჟამად პუტინი ევროპას, 1939 წლიდან მოყოლებული, ყველაზე ბნელ დროში მიაქანებს. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც იმედოვნებს, რომ დაელოდება ომის დასრულებას, გულუბრყვილოა. არ გაიმეოროთ წარსულის შეცდომები“, - თქვა კულებამ ტვიტერზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG