Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო უკრაინიდან 100 000 დევნილზე საუბრობს


უკრაინა-რუმინეთის საზღვარი

გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატი საუბრობს უკრაინიდან ათასობით დევნილზე, რომელთა უმრავლესობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ თავშესაფარს მეზობელ ქვეყნებში ეძებს. გაეროს მონაცემები ოფიციალური უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის მომზადებული. გაეროს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინიდან ომის გამო დევნილების რაოდენობა შესაძლოა 5 მილიონამდე გაიზარდოს.

უკრაინიდან დევნილების შესახებ მონაცემებს ავრცელებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებიც. პოლონეთის თქმით, მხოლოდ 24 თებერვალს პოლონეთის საზღვარი უკრაინიდან 29 ათასმა ადამიანმა გადალახა. პოლონეთი უკრაინას, გარდა დევნილების მიღებისა, დახმარებას უწევს დაჭრილების ჰოსპიტალიზაციის მხრივაც. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 120 ჰოსპიტალია მზად დაჭრილების მისაღებად და მატარებელი - დაშავებულთა გამოსაყვანად.

უკრაინიდან უკვე წამოსულ 15,8 ათას დევნილზე საუბრობს მოლდოვის მთავრობა. 24 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ, თუ საჭირო გახდა, მისი ქვეყანა საგანგებო რეჟიმზე გადავა და მზადაა მეზობელი უკრაინიდან მიიღოს ათიათასობით ადამიანი.

უკრაინიდან 3,1 ათასი დევნილი მიიღო რუმინეთმაც, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პირველ დღეს.

უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებს.

უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG