Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საზღვრის გაძლიერებული მონიტორინგი და საყურადღებო თრუსოს ხეობის საკითხი


საოკუპაციო ზოლი. 3 თებერვალი, 2022 წ.
საოკუპაციო ზოლი. 3 თებერვალი, 2022 წ.

დღეს დილიდან საოკუპაციო ხაზთან არ უშვებენ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს. გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონის ჩაკეტვის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიიღეს. რადიო თავისუფლებას სუს-ში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუდასტურეს და ეს შექმნილი მდგომარეობით ახსნეს.

ხუთშაბათს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზზე მონიტორინგის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.

დე ფაქტო რესპუბლიკის „კაგებეს“ პრესსამსახურის ცნობით, „უმაღლესი მთავარსარდლის, ანატოლი ბიბილოვის მითითებების შესრულების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურთან ერთად, სამხრეთ ოსეთში იღებს ზომებს სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე ოპერატიული სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, რათა დროული რეაგირება მოახდინოს მიმდებარე ტერიტორიიდან შესაძლო საფრთხეებზე, ასევე, უზრუნველყოს სასაზღვრო დასახლებებში მცხოვრები რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოება“.

ცხინვალის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში „კაგებეს“ პრესსამსახურის უფროსმა ელენა ბიაზროვამ განაცხადა, რომ რეგიონში ამჟამად მშვიდი ვითარებაა.

„საქართველოს მიმართულებით“ ვითარება მშვიდია: „სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გადაადგილება, ასევე ე.წ. პოლიციის საგუშაგოების გაძლიერება ჯერ არ დაფიქსირებულა. მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაემორჩილოს დესტრუქციული ძალების პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გართულებას დონბასში სპეცოპერაციის ფონზე“, - განაცხადა ბიაზროვამ.

24 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოიწვია ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ოპერაცია დაიწყო დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ შესასრულებლად და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ქმნის ოპერატიულ შტაბს, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

ბიბილოვის თანახმად, ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ბრძანებების შესასრულებლად“.

ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბიბილოვმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, ე.წ. საზღვარზე ვითარება კონტროლდება და ადგილობრივი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცულია.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ბიბილოვს არავინ ეკითხება შეიარაღებული ძალების ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანას. მისი მცდელობები კი პატრონის მიმართ ერთგულების დამტკიცება უფროა. ბენდიანიშვილი ახლო მომავალში კონფლიქტის ზონაში გართულებას არ ელოდება, თუმცა, მისი აზრით, საყურადღებოა თრუსოს ხეობის საკითხი.

დე ფაქტო ხელისუფლება თრუსოს ხეობას ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთად მიიჩნევს და მასზე პრეტენზიას დიდი ხანია აცხადებს. ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ 2008 წლის ომის დასრულებისთანავე წამოაყენა ეს პრეტენზია, თუმცა საოკუპაციო ძალები მაშინ ხეობისკენ არ დაძრულან და მხოლოდ ახალგორის აღებით შემოიფარგლნენ. ცხინვალი ამ და სხვა ტერიტორიულ პრეტენზიებს პერიოდულად კვლავ გამოთქვამს ხოლმე.

XS
SM
MD
LG