Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვგრძნობ შიშს და სიძულვილს პუტინის მიმართ" - ვინ აპროტესტებს ომს რუსეთში?


უკრაინელი სამხედროები კიევში. 25 თებერვალი, 2022 წელი.
უკრაინელი სამხედროები კიევში. 25 თებერვალი, 2022 წელი.

უკრაინასთან ომში ჩართულ ვლადიმირ პუტინს ბრძოლა საკუთარ ქვეყანაშიც უწევს - სიმართლესა და თავისუფალ აზრთან. თუ ვინმე მხარს არ უჭერს პუტინის ომს და ამას გამოხატავს კიდეც, მათ სასწრაფოდ აპატიმრებენ.

24 თებერვალს, მხოლოდ მოსკოვში 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. უკრაინასთან ომის დაწყების დღეს რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში უამრავი პოლიციელი გამოვიდა, მოსკოველების პროტესტი რომ არ დაეშვა.

  • რას აპროტესტებენ რუსეთის მოქალაქეები?
  • რას ფიქრობენ პუტინზე რუსეთში და რა იმიჯის შექმნას ცდილობს თავად პუტინი?

„იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, - 25 თებერვალს ამ სიტყვებით მიმართა მადლიერმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა საპროტესტო აქციებიც მისთვის უკრაინელების მიმართ ნდობის მანიშნებელია.

24 თებერვალს საპროტესტო აქციების ტალღამ, ზოგან ერთი კაცის, ზოგან ათობით ან ასობით, რუსეთის 60-მდე ქალაქს გადაუარა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული, სულ ცოტა, 1800 ადამიანი დააკავეს.

პატიმრობა მშვიდობის მხარდაჭერისთვის

რუსეთის მედია, შს სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მხოლოდ მოსკოვში 1000-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. დაკავებულთა შორის 30-ზე მეტი არასრულწლოვანი იყო.

«ОВД-Инфо» დაკავებულთა ძალიან ვრცელ სიას აქვეყნებს.

მათი ბრალდებაა „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“ და წინასწარი გაფრთხილების უგულებელყოფა, რომ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა არავის უნდა მიეღო, „გამძაფრებული საგარეო-პოლიტიკური ვითარების ფონზე“.

პოლიციის გარდა, ხალხი წინასწარ საგამოძიებო კომიტეტმა და პროკურატურამაც გააფრთხილა. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ დაკავებულების დიდი ნაწილი ღამის დროებითი დაკავების იზოლატორებში დაიტოვეს; ხოლო 25 თებერვალს ზოგს 15-20-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

აღძრულია სისხლის სამართლის, სულ ცოტა, ერთი საქმე - ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგ, რომელსაც ცეცხლწაკიდებული ბოთლის ქუჩაში სროლა და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა ედება ბრალად.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ვიდეოც - დაკავებული, რომლის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ბოდიშს იხდის. ამ პროცესში მას შავი ნიღაბი უკეთია და სახეც დაფარული აქვს. მანამდე რუსეთის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ მომიტინგეები ქუჩაში, თითქოს, არეულობის მიზნით იკრიბებოდნენ.

სინამდვილეში რამ გამოიყვანა ქუჩაში რუსეთის მოქალაქეები?

„არა ომს“, - ასეთი იყო აქციის მონაწილეების მთავარი სლოგანი. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ომს და მხარს უჭერდნენ უკრაინას, რომელსაც პუტინის რუსეთის შეიარაღებული ძალა 24 თებერვალს დაესხა თავს.

„ჩვენ, რუსებმა უნდა ვუთხრათ ვლადიმირ პუტინს, რომ ის არა მხოლოდ არ არის მართალი, არამედ მან ჩაიდინა კატასტროფული შეცდომა, როცა ჩვენს მეზობლებს დაესხა თავს... ვერ ვხვდები, როგორ დაუშვა ეს ჩვენმა ქვეყანამ. ომი ეს ყოველთვის არის ცარიელი მაცივრები სახლებში და სავსე - საყინულეები მორგებში“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურს ფსკოვის მკვიდრმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, ნიკოლაი კუზმინმა 24 თებერვალს, როცა ის ლენინის სახელობის მოედანზე ერთკაციან აქციას მართავდა.

იმავე დღეს პეტერბურგში გამართულ აქციაზე აქტივისტი ნიკიტა ჩირკოვი დააკავეს და ბრალად კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევა დასდეს. თუმცა რუსეთის კანონმდებლობით, ეს რეგულაციები დაკავებას არ ითვალისწინებს.

„მე ვგრძნობ შიშს და სიძულვილს პუტინის მიმართ. მეშინია უკრაინაში მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრების გამო. მეშინია გაურკვევლობის - რა იქნება ამის შემდეგ რუსეთში? ეს ომი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ვცხოვრობ აგრესორ ქვეყანაში, აბსოლუტურად ავადმყოფი დიქტატორით“, - თქვა მან, დაკავებამდე.

„ეს ომი უნდათ მხოლოდ „ფსიხებს“, რომლებიც ჭკუიდან შეიშალნენ. ამ წუთას - ჩვენებს, „კრემლელებს“, ადამიანებს, რომლებმაც მიიწებეს ფეოდალური აზროვნება“, - უთხრა პოეტმა და მუსიკოსმა იური შევჩუკმა BBC-ის. ის ერთ-ერთია რუსეთის საზოგადოების ცნობილი ადამიანებიდან, რომლებმაც პუტინის პოლიტიკა საჯაროდ გააპროტესტეს.

„ნოვაია გაზეტამ“ გადაწყვიტა, სოლიდარობის ნიშნად გაზეთი რუსულთან ერთად უკრაინულ ენაზეც გამოსცეს. გაზეთის რედაქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი ამბობს, რომ რუსეთს „უბედურება სჭირს“.

„ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით უკრაინაში ომი წამოიწყო. არავინაა, ვინც ამ ომს შეაჩერებს, ამიტომ დარდთან ერთად გვრცხვენია კიდეც“, - ამბობს მურატოვი.

რატომ ახლა?

ქუჩაში ადრეც გამოდიოდნენ, მაგრამ პუტინის მიერ დაწყებული არცერთი წინა ომის დროს, მათ შორის - 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში, რუსეთის მოქალაქეები, თუნდაც მცირე ნაწილი, ასე არასოდეს აღშფოთებულან. რა ხდება ახლა?

ექსპერტების, პოლიტიკოსებისა თუ რუსეთის რიგითი მოქალაქეების განცხადებებში რამდენიმე შესაძლო მიზეზი შეგვიძლია დავინახოთ:

  • პუტინი ისე დაესხა თავს უკრაინას, რომ დიდად აღარც იმაზე უზრუნია, გარკვეული ფორმალური საბაბი მაინც მოეძებნა თავდასხმისთვის და ომიც თავადვე გამოაცხადა;
  • მონათესავე ერთან, უკრაინასთან წინა დაპირისპირების დროს კრემლი ასე აშკარად არ ჩანდა და „პატარა მწვანე კაცებისა“ და სეპარატისტების ხელით იბრძოდა;
  • ჩეჩნეთი თუ ავღანეთი „ასე ახლოს“ არ იყო რუსეთთან და ახლა ომი ძალიან ახლოს არის;
  • პუტინმა დაიწყო მუქარა ბირთვული იარაღითაც;
  • რუსეთი შორდება დიდი ხნით ევროპას და პუტინი ხურავს „ოდესღაც პეტრეს მიერ გაჭრილ ფანჯარას“;
  • მომავალი ბუნდოვანი გახდა - როცა პუტინმა თავისი ნაბიჯით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ გაერთიანების მუშაობა.

მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს

CNN-ის მიერ ომამდე ჩატარებული გამოკითხვით, ორჯერ მეტი მომხრე ჰყავდა მოსაზრებას, რომ სამხედრო ძალის გამოყენება გამართლებულია უკრაინის ნატოში გაწევრიანების აღსაკვეთად. ასეთები გამოკითხულთა 50% იყო.

„ნოვაია გაზეტას“ ავტორი, რუსი მწერალი და ჟურნალისტი ალექსანდრ გენისი ოპონენტებთან ამ დღეებში გამართულ არაერთ კამათს იხსენებს და ამბობს, რომ „ყველა ეს საუბარი მთავრდებოდა სიტყვებით - ამერიკა უარესია“ და რომ „ისინი იმეორებენ იმპერიულ ტყუილს და მეტიც - მათ სჯერათ კიდეც“.

გენისი ამბობს, რომ მათ [ზოგჯერ მეგობრებს] სჯერათ ათასნაირი დაუჯერებელი ამბის ამერიკის შესახებ - და მათ შორის - ამერიკული რაკეტების შესახებ, რომლებმაც, თითქოს, „მიზანში ამოიღეს რუსეთი უკრაინის მიწიდან“.

ადამიანები, რომლებიც „ძერჟავის“ ტყუილებს ასე ითავისებენ, ავტორის აზრით, სწორედ ისინი არიან ომის მთავარი ავტორები - ომისა, რომელსაც მერე „არა მათი ხელით, არამედ მათი სახელით აწარმოებენ“.

ბრძოლა ტყუილებით

პარალელურად, პროკრემლისტური მედიასაშუალებები აგრესორი რუსეთისგან ძლევამოსილი გადამრჩენლის ხატის შექმნას ცდილობენ.

მაგალითად, „როსია 24“-ის ეთერში უჩვენებენ ვიდეოს, რომელშიც ჩანან გზაზე მომავალი რუსული ტანკები და კადრს მიღმა ხმა ამბობს: - „გაგიმარჯოთ, ბიჭებო... ჩვენ თქვენ 8 წელია გელით.... უფრო მეტიც - 1991 წლიდან გელითო“. ვიდეოში არავინ ჩანს - არც ტანკში და არც ტანკს მიღმა.

მაგრამ გადაცემის წამყვანი, „პუტინის რკინის თოჯინად“ წოდებული ოლგა სკაბეევა მაყურებლებს სიამაყით ეუბნება, რომ ხარკოვის მისადგომებიდან მიღებული ვიდეო ასახავს „ადგილობრივი მცხოვრებლების“ სიხარულს იქ რუსეთის არმიის გამოჩენის გამო. „ჩვენს [რუსეთის] არმიას ხვდებიან ადგილობრივი მცხოვრებლები... ეუბნებიან, რომ ელოდებოდნენ 30 წელი... და ეს არის მათი ერთადერთი პრეტენზია“, - ამბობს ის.

სკაბეევამ დღეს ცინიკურად გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა და დასძინა, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

რუსეთის პროკრემლისტური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროებით.

25 თებერვალს გამოკვეთილი ახალი და აშკარა ტენდენციაა იმის მტკიცება, რომ ზელენსკი მშიშარაა, უკრაინელი ჯარისკაცები კი „დეზერტირები“ არიან. არაერთხელ ითქვა, რომ უკრაინის არმიიდან მასობრივად გადადიან „რუსეთის მხარეს“, ხოლო „კეთილი და ჰუმანური რუსეთი“ მათ მალე უვნებლად დააბრუნებს თავიანთ ოჯახებში.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ - ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. როგორც ვლადიმირ პუტინმა თქვა, ის მიზნად ისახავს - „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“. რუსეთი უკრაინას უტევს როგორც ხმელეთით, ასევე ციდან და ზღვიდან. უკრაინელი სამხედროები ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ. კიევის ცნობით, 24 თებერვალს, რუსეთის აგრესიას 137 უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG