უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა იტალიელ კოლეგასთან, ლუიჯი დი მაიოსთან. კულებას განცხადებით, დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას.
უკრაინა მოითხოვს, რომ რუსეთი გარიცხონ SWIFT-იდან, რომელიც მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე გავრცელებული სისტემაა.
SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მოწოდებით გამოდიან ასევე ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
დაწერეთ კომენტარი