საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს, რომ მან გაუმეორა ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.
ევროპისთვის და უკრაინისთვის ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო დგას უკრაინის გვერდით", - წერს ზურაბიშვილი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწების დღეს, 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა გაიზიარა ოპოზიციური პარტიების თხოვნა და პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა. მის მიერ ჩანიშნული სხდომა სახელისუფლებლო პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" ჩაშალა.
დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში საომარ მოქმედებებს ატარებენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
დაწერეთ კომენტარი