„ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, პაველ კანიგინი „ტვიტერზე“ წერს, რომ რუსეთში კომპანია „ეფლის“ პროდუქციის - „აიფონების“, „აიპედების“ და „მაკბუკების“ დეფიციტია და გაურკვეველია, თუ როდის შევა ქვეყანაში ტექნიკის ახალი პარტია.
კანიგინის მტკიცებით ის ელაპარაკა კომპანიის ოფიციალური დილერის წარმომადგენელს, რომელმაც უთხრა, რომ სათაო ოფისი მათ პროდუქციის ახალ პარტია „გაურკვეველი დროით“ ვეღარ მიაწვდიდა. „რაც ოფიციალურ საწყობში იყო გაიყიდა - მთლიანად დაიტაცეს. დილა მშვიდობისა, რუსეთო!“ - წერს ჟურნალისტი.
„ეფლის“ სათაო ოფისს რუსეთის ბაზართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს არა კომპანიის ანტისაომარ პოლიტიკასთან, არამედ ლოგისტიკურ დაბრკოლებებთან და რუსული რუბლის ლიკვიდურობის პრობლემებთან.