რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები გაიმართება, იუწყება წყაროზე დაყრდნობით რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის დრო ჯერ დადგენილი არაა, თუმცა, შესაძლოა გაიმართოს 2 მარტის საღამოს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეხუთე დღეს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა ბელარუსში პირველად გამართეს მოლაპარაკებები, რომელზეც ამ პროცესის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, დავიდ არახამიამ "ფეისბუკზე" დაწერა, რომ მოლაპარაკებები ან უკრაინისთვის საჭირო მიმართულებით განვითარდება, ან უშედეგოდ დასრულდება.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს. 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.