Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ სააკაშვილის ადვოკატსა და ბადრაგს შორის ინციდენტი მოხდა


სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ, 2 მარტს, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატსა და მათ თანამშრომელს შორის რუსთავის ციხეში ინციდენტი მოხდა. ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება", - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, გამოძიება დაწყებულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც, რომელიც მსგავს საქმეებს იძიებს. სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

გუშინ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ პატიმრის მონახულების შემდეგ ბადრაგის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა - შეაგინა და სილა გაარტყა.

"მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ, როცა ვტოვებდი ციხეს, ერთ-ერთმა პირმა შეაგინა მას, კამერების თვალწინ. იქ იყო სხვა თანამშრომელიც. მივუთითე, რომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა და პატიმრის გინება... გამიყვანა ოთახში და მითხრა, რომ კამერები არ იყო იქ, ქუჩის ბიჭურად გამირჩია საქმე... ვუთხარი, რომ იყო უზრდელი, რის შემდეგაც ჩემი მისამართითაც შეიგინა, რაზეც ვუპასუხე... შემდეგ დაბრუნდა ფიზიკური შეურაცხყოფის მოსაყენებლად", - თქვა თუთბერიძემ.

XS
SM
MD
LG