რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია 34 მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, 3 მარტის დილის მდგომარეობით, დაჭრილია 285 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. წუხელ რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმიც, სადაც ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის სამხედრო ძალები რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ინტენსიურად ბომბავენ ქალაქ ხარკოვს და მის შემოგარენს. 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას სამხედრო დანაშაული უწოდა და მოითხოვა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ საერთაშორისო სასამართლოების მიერ.
- პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
- პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
- 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
- უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
- რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
- ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
- 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.
დაწერეთ კომენტარი