Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოური მედია რუსეთში მუშაობას წყვეტს


რუსული არმიის შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადების შემდეგ, რუსეთში მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ბრიტანულმა, ამერიკულმა, კანადურმა და ავსტრალიურმა მაუწყებლებმა, BBC-მ, CNN-მა, CBS News-მა, ABC News-მა და CBC-მა.

რუსეთში მუშობა შეწყვიტა სააგენტო Bloomberg-მაც. მისი მთავარი რედაქტორის, ჯონ მიკლეტვეიტის თქმით, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება ნებისმიერ დამოუკიდებელ რეპორტიორს დამნაშავედ აცხადებს და შეუძლებელს ხდის ნორმალურ ჟურნალისტიკას.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის დუმამ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ ცნობები უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შესახებ, მხოლოდ ოფიციალური წყაროების მიხედვით ვრცელდებოდეს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რუსეთში დაბლოკეს 25-ზე მეტი რუსული ან რუსულენოვანი მედიასაშუალება. რამდენიმემ მუშაობა საერთოდ შეწყვიტა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG