Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა ავიაციამ დაბომბა უკრაინის ქალაქი სუმი


რუსულმა ავიაციამ დაბომბა უკრაინის ქალაქი სუმი და მისი შემოგარენი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „უნიანი“ წერენ სუმსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიდეომიმართვასა და ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, 7 მარტს, 23:00 საათიდან დაიბომბა სუმის და ახტირკის საცხოვრებელი უბნები და სოფელი ბიტიცა. ჟივიცკის თანახმად, დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს დაბომბვის ადგილებიდან გააქვთ სახლების ნანგრევები. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. დმიტრო ჟივიცკის ცნობითვე, 7 მარტს დღისით, რუს სამხედროებთან ბრძოლაში დაიღუპა ტერიტორიული თავდაცვის 4 მებრძოლიც.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG