Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაარეპორტეთ ეს პროვოკაცია!"


4 შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბიანები, რომლებიც YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში ჩანან.
4 შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბიანები, რომლებიც YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში ჩანან.

სტატია განახლდა 2020 წლის 16 მაისს. მას დაემატა ფეისბუკგვერდ "Walheim Dragon Lead - Traffic system"-ის პასუხი რადიო თავისუფლების შეკითხვაზე.

YouTube-სა და ფესბუკზე ანონიმური ანგარიშები ქართველებს მოუწოდებენ, ისარგებლონ უკრაინაში ომით და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები იარაღით დაიბრუნონ. რა ვიცით მათზე, ვინც ამ მოწოდებებს ავრცელებს და იწონებენ თუ არა ამ იდეას საქართველოს მოქალაქეები?

"დღეს უკრაინაში ძალიან ცხელა, ჩვენ კი, ქართველებს უნიკალური შანსი გვაქვს იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი კუთხეები - აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ, ქართველები, რომლებიც უკვე 8 წელიწადია უკრაინაში უკრაინის თავისუფლებისთვის ვომობთ, ასევე, მზად ვართ საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის ვიომოთ. ამიტომ, მოგიწოდებთ, აიღოთ იარაღი ხელში და დასცხოთ მტერს. ასეთი უნიკალური შანსი ჩვენ აღარასდროს არ გვექნება", - ისმის მამაკაცის ხმა ქართულ ენაზე. ღამით გადაღებულ ვიდეოში 4 შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი ჩანს. ვიდეოს ადევს Police control-ის ლოგო და გასდევს უკრაინული ტიტრები.

ეს ვიდეო, რომელიც YouTube-ზე 4 მარტს აიტვირთა, ქართულ სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა, მათ შორის იმის წყალობითაც, რომ მისი გამოჩენა იუტუბზე დასპონსორებულია. ვიდეო სახელწოდებით Грузия за нас! Вместе мы сила! [საქართველო ჩვენთანაა! ერთად ძლიერები ვართ!] 5 დღეში 300 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

პოსტების ქვეშ სხვადასხვა შინაარსის კომენტარია, ზოგი იზიარებს ამ სულისკვეთებას, თუმცა ქართველი და აფხაზი მომხმარებლების უმეტესობა წერს, რომ ეს პროვოკაციაა, ომის საწინააღმდეგო კომენტარებს ტოვებენ და ერთმანეთს ვიდეოს დარეპორტებისკენ მოუწოდებენ.

"დაარეპორტეთ ეს პროვოკაცია! (Promotes terrorism) ჩვენი ტერიტორიები მშვიდობიანი გზებით უნდა დავიბრუნოთ. აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ".

ამონარიდი YouTube არხიდან
ამონარიდი YouTube არხიდან

"გთხოვთ დავარეპორტოთ და ხელი არ შევუწყოთ ამ ვიდეოს გავრცელებას. საქართველო არ არის აგრესორი რუსეთივით, ჩვენი ყურადღება და სოლიდარობა ახლა არის მიმართული უკრაინისკენ და მთავარი მიზანია, სასტიკი ომი და უდანაშაულო მოსახლეობის სისხლისღვრა რაც შეიძლება მალე დასრულდეს".

ამონარიდი YouTube არხიდან
ამონარიდი YouTube არხიდან

"არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი მესიჯების გავრცელება რუსეთის ინტერესებშიც იყოს. ნათლად უნდა აუხსნას საქართველოს მთავრობამ [მოსახლეობას], თუ რა მიზნები აქვს აფხაზებთან და ოსებთან მიმართებით. ჩვენთვის მთავარია დავიბრუნოთ დაკარგული ადამიანები, რომ დევნილები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, ტერიტორიები უნდა იყოს მეორეხარისხოვანი… მსგავს პოლიტიკას შედეგი არ მოუტანია. ფაქტობრივად, 30 წლის განმავლობაში თბილისიდან სწორედ ასეთი პოზიციები ფიქსირდებოდა. ეს იყო ცალმხრივი, ის არ ითვალისწინებდა არც დევნილების, არც აფხაზებისა და ოსების მოსაზრებებსა და ინტერესებს. ასეთი პოლიტიკა კიდევ უფრო გვაცილებს ორივე რეგიონს", - ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

YouTube-ზე გავრცელებულ და დასპონსორებულ ვიდეოში მოწოდების ავტორის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ხმა, რომელიც თან გასდევს ნიღბებიანი კაცების ვიდეოს, შეცვლილია.

ვიდეო YouTube-ზე Police Control-მა გამოაქვეყნა. ამ ანონიმური მომხმარებლის/მომხმარებლების შესახებ YouTube-იდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ Police Control-ი უკრაინაში, 2010 წელს შექმნილი არხია. ამ დროისათვის არხს 36 200 გამომწერი ჰყავს. უკრაინაში ომის დაწყებამდე სხვადასხვა, ძირითადად პოლიციის და პოლიციური სტრუქტურების მუშაობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებდა. ბოლო დღეებია, რაც რგოლების შინაარსი უკრაინაში რუსეთის ომის თემამ შეცვალა.

მსგავსი შინაარსის პოსტი გავრცელდა და დასპონსორდა ფეისბუკზეც 5 მარტს, გვერდ Полезные Навыки для удаленки-ს მიერ. ფეისბუკგვერდიდან ჩანს, რომ მას ორი ადამიანი მართავს უკრაინიდან. თავად გვერდი კი 2021 წელს არის შექმნილი. ფეისბუკგვერდს ამ დრომდე მხოლოდ 98 გამომწერი ჰყავს.

გვერდმა "Полезные Навыки для удаленки", რომელსაც ახლა "Walheim Dragon Lead - Traffic system" ჰქვია, რადიო თავისუფლებას სტატიის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ უპასუხა.

გვერდის ადმინისტრატორმა განმარტა, რომ ვიდეო საკუთარი ინიციატივით დადეს და მის რეკლამაშიც თავიანთი ფული დახარჯეს.

"აქედან, უბრალოდ, შევახსენეთ, რომ შესაძლოა [აფხაზეთისა და ცხინვალის] დაბრუნების დრო დადგა. მეტი არაფერი. ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, [რუსეთი] საქართველოში სრული შემოჭრისთვის იყო მზად", - მოგვწერა გვერდის ადმინისტრატორმა.

"ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავრცელებული ამ ვიდეორგოლების პათოსს ირიბად და ხანდახან პირდაპირი მინიშნებებითაც კი რადიკალური ოპოზიციის აქტივი და მათი ლიდერები ამძაფრებენ ვითომდა მორალურ, ეროვნულ, ვაჟკაცურ ემოციებზე მითითებით და ამგვარად ცდილობენ შეფუთონ მათი მხრიდან ომის პროპაგანდა", - 9 მარტს დასპონსორებულ გვერდებსა და ვიდეოებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

"...იმის მაგივრად, რომ გვქონდეს მკაფიო პოზიცია და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ანახო, როგორი მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, "ქართულ ოცნებას" ეს ყვეალფერი შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში გადააქვს და ამ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით ცდილობს თავი აარიდოს იმ მავნებლობას, რა მავნებლობაშიც ჩართულია უკრაინის მიმართ გამოთქმული პოზიციებიდან გამომდინარე", - უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალურმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა მამუკა მდინარაძეს.

"ძვირფასო, ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია - იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ… ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს. მიდი, საქართველო. დროა", - ეს უკრაინის რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს ფეისბუკპოსტია, რომელიც მან თავის გვერდზე 26 თებერვალს გამოაქვეყნა ქათულ ენაზე.

უკრაინელი პოლიტიკოსის მოწოდებაც ფართო განხილვის საგანი გახდა. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც მისი სტატუსი გააზიარეს, ერთი მხრივ, გაიზიარეს მისი შეფასებები რუსეთის როლსა და საქციელზე, თუმცა სიფრთხილით მოეკიდნენ მის მოწოდებებს ცხინვალისა და სოხუმისკენ ტანკებით "გასეირნებაზე".

რადიო თავისუფლებამ უკრაინელ პარლამენტარს ჰკითხა, რა უნდოდა ეთქვა პოსტით, რომელმაც საქართველოში ვნებათაღელვა გამოიწვია.

"მინდოდა მეთქვა, რომ რუსეთის აგრესიის გამო საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რა შეიძლება გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით, ეს საქართველოსა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მინდოდა ეს შემეხსენებინა", - გვითხრა მან.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების პროგრამები შეაფასა და თქვა, რომ ყველა პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, გამონაკლისების გარეშე, აფხაზეთსა და ოსეთში სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე იყო.

"თუმცა ჩვენს საზოგადოებაში ამგვარი განწყობები არსებობს ხოლმე, იმის გამო, რომ სამშვიდობო პოლიტიკაზე საჯარო დისკუსიები ძალიან ღარიბია და პოლიტიკური რიტორიკაც საკმაოდ მწირი. თუნდაც პრემიერ-მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა ამ საკითხზე მუშაობა, რამენაირი ირიბი განცხადებაც არ გააკეთა. სამშვიდობო გზავნილები ჩვენგან უფრო ხმამაღლა უნდა ისმოდეს და ეს ნამდვილად არ ხდება. ყარაბაღის მეორე ომის დროს ეს განწყობები ასევე დომინირებდა", - ამბობს თამთა მიქელაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი.

CRRC საქართველოსა და კავკასიური სახლის ბოლო, 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევით, ახალგაზრდებს საქართველოში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის გადაჭრა სამხედრო გზით არ სურთ. გამოკითხვაში 18-29 წლის 1 116 საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა.

მათ ეკითხებოდნენ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი ძალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს თუ მოლაპარაკებების გზით.

ქართველი ახალგაზრდების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (95%) განაცხადა, რომ ისინი მხარს მოლაპარაკებებს უჭერენ და არა ძალის გამოყენებას. მხოლოდ 2%-მა თქვა, რომ კონფლიქტები ძალის გამოყენებით უნდა მოგვარდეს, 3%-ს კი პასუხი არ ჰქონდა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს, გადაწყვეტილება კი დაგეგმილი სამხედრო წვრთნებით ახსნეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან "რესპუბლიკის ხელმძღვანელობის" ბრძანებების შესასრულებლად.

საქართველოს მთავრობიდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა აფხაზებს, როცა ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანას გამოეხმაურა.

ზალკალიანმა აფხაზებსა და ოსებს უთხრა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება.

"მინდა ძალიან კარგად იცოდნენ, ჩვენი მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება. თუკი ეს ხმა ოკუპირებული ხაზის იქით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს წვდება, მინდა მათ ვუთხრა, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული, რომელიც იურიდიულად სავალდებულოა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას კონფლიქტის და შეიარაღებული დაპირისპირების გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არის მხარდაჭერილი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ეს არ ყოფილა პირველი ვიდეო, რომელიც ქართველებს ძალადობისკენ მოუწოდებს. 2015 წლის 23 ნოემბერს ვორდპრესზე სპეციალური ბლოგი შეიქმნა - "ისლამური სახელმწიფოს გზავნილი ქართველებს". ამავე სახელწოდების ვიდეორგოლში ოთხი მებრძოლი ჩანდა, რომელთაგან მხოლოდ ორი საუბრობდა და საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს ე.წ. ხალიფატისთვის შეერთებას მოუწოდებდა. ვიდეო, რომელიც 7 წლის წინ ხალიფატის ქართულ ვებგვერდზე განთავსდა, ისლამური ხალიფატის სახელით მოწოდებების გარდა, მუქარასაც მოიცავდა. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ვორდპრესზე წვდომა რამდენიმე დღით შეზღუდა.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ხომ არ მოხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების ცენტრში 2022 წელს ანონიმური წყაროების მიერ იუტუბისა და ფეისბუკის მეშვეობით გავრცელებული ვიდეოები.

"დეტალებს ვერ გაგიმხელთ. სუს-ი ინტერესდება ყველა იმ კონტენტით, რომელიც ვრცელდება და შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ნებისმიერი მიმართულებით იყოს დამაზიანებელი", - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში, სადაც დააზუსტეს, რომ იმის გამოძიება, თუ ვინ გაავრცელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იარაღით დაბრუნების მოწოდებები, არ დაუწყიათ.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG