სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს ამოწმებს. ეს "თავისუფალი რუსეთის" წარმომადგენელმა ეგორ კუროპტევმა "ფეისბუკზე" დაწერა, ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან საუბარში სუსში არ უარყვეს.
კუროპტევი ამშვიდებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთიდან ქვეყანაში შემოსული ნაკადების გამო ღელავენ და წერს, რომ მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად სტუმრობენ ნაქირავებ სახლებში, სასტუმროებსა თუ იმ ოჯახებში, რომლებშიც ისინი რჩებიან - ავსებენ სპეციალურ სარეგისტრაციო ფორმასაც.
"იმედია, ეს ინფორმაცია გარკვეულ შვებას მოუტანს მათ, ვინც წუხს ამ ნაკადების გამო... რუსებო, არ ინერვიულოთ, ეს ნორმალური პროცესია უვიზო და დიდი ნაკადის შემოსვლის დროს", - აცხადებს კუროპტევი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კუროპტევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უარყვეს, თუმცა სამუშაო დეტალებთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვეს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე "აქტიური საფრთხის კერები არ შეინიშნება".
"ცხადია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლი ხორციელდება როგორც სახელმწიფო საზღვარზე, ასევე ქვეყნის შიგნით. განხორციელებული კონტროლის მექანიზმები არის კომპლექსური და შედგება რამდენიმე ეტაპისგან. რა თქმა უნდა, აღნიშნულის შესახებ საჯაროდ ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. დაუშვებელია კონტროლის რამდენიმეშრიანი მექანიზმების შესახებ ღიად საუბარი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უსაფრთხოების გარემო დაცულია", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუსში.
პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, 9 მარტს, რუსეთიდან საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც. მინისტრის თქმით, 24 თებერვლიდან 9 მარტამდე შემოსულია დაახლოებით 20 ათასი ადამიანი, მათგან 3 ათასს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია.
უკვე მეთხუთმეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა. 6 მარტს სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც ასახული იყო ბანკომატებთან რიგები.
დაწერეთ კომენტარი