Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ამბობს, რომ კრიზისიდან გაჯანსაღებული გამოვლენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთი ღალატში დაადანაშაულა და ილუზიებისგან რუსეთის გათავისუფლების პირობა დადო.

დღეს, 10 მარტს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვს ჰკითხეს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო ამოქმედებული სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ლავროვმა უპასუხა, რომ ეკონომიკაზე თავად იზრუნებენ და ამით დაკავებული არიან პრეზიდენტი და მთავრობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სირთულეებს უმკლავდებოდნენ ისტორიის ყველა ეტაპზე: „მაგრამ ამჯერად, გარწმუნებთ, ამ კრიზისიდან გამოვალთ სრულად გაჯანსაღებული ფსიქოლოგიით და გაჯანსაღებული ცნობიერებით. არ გვექნება არანაირი ილუზია, რომ დასავლეთი შეიძლება საიმედო პარტნიორი იყოს“.

ლავროვის განცხადებითვე, არ ექნებათ ილუზია, რომ დასავლეთს სჯერა იმ ფასეულობების, რომლებზეც ლაპარაკობს და ეცოდინებათ, რომ დასავლეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში გიღალატოს.

ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ამ პასუხის გაცემამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა იმაზე, რომ დასავლეთი უკრაინისგან დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა „ანტირუსეთს“ და „პროდასავლურ ექსპერიმენტულ ინსტრუმენტს“ და როცა უკვე ნატომ მოითხოვა, რომ უკრაინას ჰქონოდა სრული თავისუფლება ბლოკში გასაწევრიანებლად და დაიწყო საუბარი იქ რაკეტების განთავსებაზე, რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა "გონიერებისა და სინდისიერებისკენ" და შესთავაზა ევროპაში უსაფრთხოების პრინციპებზე შეთანხმება.

ლავროვის თქმით, პასუხად მიიღეს, რომ ნატოს გაფართოების საკითხებში რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო და გაფართოება მის უსაფრთხოებას არ ემუქრებოდა. როგორც ლავროვმა განაცხადა, „რუსეთთან ასე ლაპარაკი არ შეიძლება“.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.

XS
SM
MD
LG