პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და შეაფასა მათი პარტიის განცხადება, რომლის თანახმად, მთავრობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.
„როგორც ხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა. მთავარ კუდიანად გამოცხადებული გყავთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა კუდიანები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც, თურმე, ქვეყანაში შექმნეს შაქრის დეფიციტი და ეწევიან ეკონომიკურ საბოტაჟს. არა გრცხვენიათ?! რა განცხადება გააკეთეთ დღეს თქვენს პოლიტბიუროზე, თუ არა პოლიტსაბჭოზე?! ვინ არის თქვენი განცხადების ადრესატი?! საქართველოს მოსახლეობა?! ნურას უკაცრავად, თქვენ რუსეთის ხელისუფლებას მიმართეთ. თქვენ უთხარით, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროპაში ჩავიდა და განცხადებებს აკეთებდა, არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. პოლიტსაბჭოს განცხადების მთავარი შინაარსია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიპარა, თურმე საქართველოს მთავრობა ბლოკავდა: თვითმფრინავი არ მისცეს, ფული არ მისცეს, საკუთარი ხელფასით აიღო ბილეთი, ეს არის მისი, როგორც კერძო მოქალაქის აზრი და ბოდიში, გვაპატიეთ, რომ მან უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთა “, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დღეს, 15 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, 14 მარტს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
"ქართული ოცნება" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
14 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.
პრეზიდენტმა თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა.
15 მარტს, პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები კონსტიტუციის დათქმის დარღვევითა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა, რაც კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაა. მუხლი პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განმარტავს და მასში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი ოფიციალურ საერთაშორისო ვიზიტებს ახორციელებს მთავრობის დასტურით.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებას თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
დაწერეთ კომენტარი