Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია


ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (111 ხმით) მიიღო.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია:

  • დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
  • დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.
  • ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, რეზოლუციის პროექტის ტექსტის წარდგენისას, კოლეგებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას. მისივე განცხადებით, საქართველომ ბოლო ათწლეულში მყარი საფუძველი შექმნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.

„ქართული ოცნების" დეპუტატის თქმით, დღეს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება რუსეთის სრულიად გაუმართლებელი აგრესია, ევროკავშირის მხრიდან აშკარაა ერთსულოვანი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაა.

„ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური ჟესტი, თავისთავად აჩენს შესაძლებლობის ფანჯარას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში დაჩქარდეს. თუმცა, ამავდროულად, ისიც ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წესები არ შეცვლილა და ამისათვის საჭიროა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა. იმისათვის, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა გვქონდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მხრიდან".

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ოპოზიციის დეპუტატებმა, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის მიმართ მათ არაერთი შენიშვნა გამოთქვეს. პარტია „ლელო"-ს განცხადებით, რეზოლუცია არ ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს დეტალური დღის წესრიგი და გეგმა, თუ როგორ აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება უზრუნველყოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შეტანილი განაცხადის წარმატება.

პარტია „ევროპელი სოციალისტების" წევრის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა ვითარება და საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი არა 2024 წელს, არამედ მიმდინარე წელს უკვე გააკეთა.

„ამ თემაზე პატენტები არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში, ვინ ოპოზიციაში. მთავარი არის, რომ დაიდოს ის შედეგი, საითაც მივდივართ. არ მესმის ნიშნისმოგებით საუბარი. რა საჭიროა იმის დეკლარირება, რომ დიახაც საქართველო არ უნდა მიიღონ ახლა, იმიტომ რომ უკრაინა ომობს და საქართველო არ ომობს. ბოლო 30 წელზე მეტია ჩვენ ვომობთ. ოთხზე მეტი ფრონტი გვქონდა და ზოგიერთებს ალბათ ავიწყდებათ. ეს არის სამარცხვინო. ეს არის შეურაცხყოფა მებრძოლების, დაღუპული ქართველების, განაწამები ხალხის. თუ საქართველომ არ იომა, აბა, ვინ იომა?! შეიძლება დღეს ამ მიზეზით ერთმანეთისთვის ნიშნის მოგება და ხელის შეშლა?! მე მგონი, არავიზე ნაკლებად არ ვიბრძვით. კვლავაც და კვლავაც, ძალიან გთხოვთ, მიუხედავად პოზიციისა და ოპოზიციის, ჩვენ ასეთი შანსი ჯერ არ გვქონია და მოვუფრთხილდეთ ამას“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. ვიდეომიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ეს იყო ისტორიული დღე და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა.

24 თებერვლიდან რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG