Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოახერხებს თუ არა უკრაინა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 მარტს


"უახლოეს პერიოდში ჩავკეტავთ ცას" - რა საფუძველი აქვს კიევის ოპტიმიზმს?

უკრაინა რამდენიმე კვირაა დასავლეთისგან ითხოვს ცის ჩაკეტვას, თუმცა შესაძლოა მალე თხოვნა აღარც დასჭირდეს. კიევი დარწმუნებულია, რომ ცის ჩაკეტვას მალე თავად მოახერხებს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის არმიას უკრაინის მიწაზეც გაანადგურებს და ცაშიც.

ანტისაჰაერო თავდაცვა ამ დრომდე უკრაინის სუსტ წერტილად რჩებოდა, რითაც რუსეთი სარგებლობდა და ჰაერიდან მიჰქონდა იერიშები დასახლებულ პუნქტებზე.

16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნატოს სხვა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას უფრო მეტი, უფრო მრავალფეროვანი შეიარაღების უფრო სწრაფად გადაცემის პირობა მისცეს. მეტი დახმარების ამბავი ვაშინგტონში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, ხოლო ბრიუსელში - ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. უკრაინისთვის გადასაცემ შეიარაღებაში ყველაზე საყურადღებოა სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი С 300 - ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსი, რომელიც ფრთოსან რაკეტებს ანადგურებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თუკი უკრაინას ექნება „საკმარისი იარაღი თავის დასაცავად“ და ასევე „სანქციებით რუსეთის ზეწოლა გაგრძელდება“, მაშინ ყველაფერ „დანარჩენს უკრაინა გააკეთებს“.

რა ტიპის შეიარაღებით ივსება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და რის საშუალება ექნებათ სამხედროებს? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

"გამოცხადდეს სამართალდამრღვევად" - საით მიდის "ალტ-ინფოს" და მისი პარტიის საქმე?

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მომავალ ხუთშაბათს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა განსახილველად "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის საჩივარს, რომლითაც ის მოითხოვს ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" სამართალდამრღვევად ცნობას და მასზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

GDI-ის შეფასებით, „ალტ-ინფოს“ განცხადებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამართლებას და კრიმინალის გაიდეალებას ემსახურება. ეს კი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია.

„ალტ-ინფოს“ პარტია თებერვლიდან მოყოლებული, საქართველოს პატარა და დიდ ქალაქებში ოფისებს ხსნის, თუმცა „კონსერვატიული მოძრაობის“ ათობით ოფისის გახსნას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია.

მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ პროტესტი მარნეულის ცენტრში გახსნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფასადის უკრაინის დროშის ფერებად გადაღებვით გამოხატა და დააწერა: „მოღალატეები“. პასუხად მუქარა მიიღო. მას კონკრეტული პიროვნება „ქათამივით თავის მოჭრით“ დაემუქრა.

სამირა ბაირამოვას საქმეზე სწრაფი რეაგირება გუშინ პარლამენტში მისულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურსაც მოსთხოვეს, რაზეც გომელაურმა უპასუხა, რომ ამ საქმეს „ბოლომდე მიჰყვებიან“.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ვითარება უკრაინაში: ქალაქ მერეფაში სარაკეტო იერიშს 21 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

ხარკოვის ოლქში, ქალაქ მერეფაში რუსეთის არმიის სარაკეტო იერიშის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საარტილერიო თავდასხმა ადგილობრივი დროით 3:30-ზე მოხდა. დაინგრა სკოლა და კულტურის სახლი.

რუსეთი აცხადებს, რომ 16 მარტს არ დაუბომბავს მარიუპოლის თეატრის შენობა, სადაც ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს. ჯერაც არაა ზუსტად ცნობილი, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი თეატრის დაბომბვას. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბომბსაფარმა გაუძლო ზემძლავრი ბომბის აფეთქებას და შენობის ნანგრევებიდან დაიწყეს ცოცხალი ადამიანების გამოყვანა. მაგრამ არ მოიპოვება ინფორმაცია იმის თაობაზე, დასრულდა თუ არა სამაშველო ოპერაცია ან რამდენია გარდაცვლილი, ვინაიდან ქალაქში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოკლულია 7 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. ამის შესახებ ამერიკული დაზვერვის და თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით წერს გამოცემა The New York Times-ი. თუ ეს მონაცემები რეალურია, უკრაინაში რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი უკვე აღემატება 20 წლის განმავლობაში, ერაყსა და ავღანეთში ამერიკული არმიის დანაკარგებს.

წაიკითხე მეტი.

რა არის „დელტაკრონი“ და რას უნდა ველოდოთ მისგან?

უკანასკნელი დღეებია მეცნიერები ალაპარაკდნენ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ. ეს არის კორონავირუსის შტამების, „ომიკრონისა“ და „დელტას“ ჰიბრიდი, რომელიც უკვე დადასტურდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ამერიკასა და ბრაზილიაში. მას პირობითად უკვე მიენიჭა „დელტაკრონის“ ან „დელტამიკრონის“ სახელიც.

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „დელტაკრონს“ COVID-19-ის მეთვალყურეობის სამი კატეგორიიდან ყველაზე დაბალი, „ვარიანტი მონიტორინგის ქვეშ“ კატეგორია მიანიჭა. ახალ შტამს მაშინ შეეცვლება კატეგორია და გადაინაცვლებს „ინტერესის“ კატეგორიაში, თუკი ის გამოავლენს გავრცელების მაღალ მაჩვენებელსა და დაავადების მძიმედ მიმდინარეობის ხასიათს.

„დელტაკრონი“ თავის თავში აერთიანებს „ომიკრონის“ სპაიკ პროტეინს, რომელიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევაზეა პასუხისმგებელი და ასევე „დელტას“ გენომს, სტრუქტურას.

საშიშია თუ არა ვირუსის ახალი ვარიანტი? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ინფორმაციას ავრცელებს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინაში იკავებდა ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას. ის 2016 წელს გადადგა.

გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2021 წლის დეკემბერში მისცა. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საზღვრის უკანონოდ კვეთით შემოსვლას.

წაიკითხე მეტი.

მიხაილო პოდოლიაკი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შეიძლება უახლოეს კვირებში გაიმართოს

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შეიძლება უახლოეს კვირებში გაიმართოს, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა გამოცემა wp.pl-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, დღეისთვის რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თავ-თავიანთ პოზიციებზე რჩებიან, სადავო საკითხების შეთანხმებას კი რამდენიმე დღიდან ერთ-ნახევარ კვირამდე შეიძლება დასჭირდეს. ამ ხნის განმავლობაში მხარეები უნდა მიუახლოვდნენ სამშვიდობო შეთანხმებას.

წაიკითხე მეტი.

პუტინი რუსეთს ახალ რკინის ფარდას აფარებს - ციფრულს

კრემლი მკაცრად აკონტროლებს, რას იგებენ და რას ამბობენ რუსები უკრაინაში მიმდინარე ომზე. დისიდენტები შიშობენ, რომ პუტინი სიტყვის თავისუფლებას კიდევ უფრო მოუჭერს და ინტერნეტს გათიშავს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამას არ იზამს.

სანაცვლოდ, რუსული ინტერნეტი სრულ იზოლაციაში მოექცევა, კრემლი კი მთლიანად გაფილტრავს ინფორმაციას, რომელსაც იღებს და გასცემს ხალხი.

ინტერნეტზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლება კია, მაგრამ 2021 წლის სექტემბერში, რუსეთმაც შეცვალა კონსტიტუცია და ხელისუფლებამ ინტერნეტის ჩასახშობად სამართლებრივი ბერკეტები მიიღო.

„პუტინი გამკეთებელია, - ამბობს რუსი ჟურნალისტი ეგორ ლაპშოვი, რომელიც სწავლობს ინტერნეტკულტურას და კრიპტოვალუტის ფენომენს, - მისთვის მთელი ინტერნეტი იგივეა, რაც რომელიმე რუსი პენსიონერისთვის სპოტიფაი [მუსიკის მოსასმენი აპლიკაცია]“.

შეიძლება რუსეთის პრეზიდენტი ციფრულად გაუნათლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთივეა მისი გარემოცვა. ეგორი ამბობს, რომ ინტერნეტის გათიშვა კრემლში მეტისმეტად ბევრ ჯიბეს დაარტყამს, და ისედაც შესუსტებული ეკონომიკის პირობებში პუტინს უბრალოდ არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანა „ქვის ხანაში დააბრუნოს”.

როგორ ქმნის რუსეთი ალტერნატიულ ინტერნეტს? წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

„დავცინოდით პროპაგანდას“. ილია შეპელინი - „დოჟდის“ გადაცემა Fake News-ის ყოფილი წამყვანია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ცენზურის გამო „დოჟდი“ იძულებული გახდა მაუწყებლობა შეეწყვიტა. ილია შეპელინი ამჟამად თბილისში იმყოფება. ის ჰყვება, თუ როგორაა მოწყობილი პროპაგანდის მექანიზმი რუსეთში, რაში სჭირდება ქართულ საზოგადოებას რუსები და ასევე, როდის დაეჭვდებიან რუსეთის მოქალაქეები იმაში, რასაც მათი ტელევიზია უჩვენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG