საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა, დღეს, 18 მარტს, საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საელჩო არ არის უფლებამოსილი, უკრაინის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლის შესახებ შეკითხვას უპასუხოს.
„კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტულად გიპასუხებთ, უკრაინის საელჩო საქართველოში უფლებამოსილი არ არის, კომენტარი გააკეთოს საქართველოს ხელისუფლების და პოლიტიკოსების მოქმედებებზე. გთხოვთ, ამ შეკითხვით მათ მიმართოთ", - განაცხადა კასიანოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ონლაინრეჟიმში სიტყვით გამოსვლისთვის მოწვევა სურთ პარტია "ლელოს", ასევე "საქართველოსთვის", "გირჩისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. მმართველი გუნდი ოპოზიციის ამ ინიციატივას არ იზიარებს.
"მათ უნდათ, საბოლოო ჯამში მიიღონ ისტერია. მთელი საკითხი ესაა, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს პიარზე, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საქმეში ვიყოთ ჩართულები. ჩვენ პიარზე კი არ ვფიქრობთ, ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ზელენსკიმ დისტანციურ რეჟიმში, ვიდეოჩართვის ფორმატით უკვე მიმართა ევროპარლამენტს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტს, აშშ-კონგრესს და გერმანიის პარლამენტს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
დაწერეთ კომენტარი