Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრაინა ამ ომში შესაძლოა არათუ არ დამარცხდეს, არამედ გაიმარჯვოს კიდეც“- ლუკ კოფი სეისმური ცვლილებების მოლოდინში


ლუკ კოფი, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
ლუკ კოფი, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

„ზელენსკი კონგრესში ესაუბრებოდა არა უბრალოდ კონგრესმენებს, ან თუნდაც პრეზიდენტ ბაიდენს, არამედ პირდაპირ ამერიკელ ხალხს, და ვფიქრობ, მან მოახერხა, ეს სათქმელი მათ გულებამდე მიეტანა. შეერთებული შტატები 13 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას მიაწვდის უკრაინას - რაც, კონტექსტისთვის, უკრაინის ყოველწლიურ სამხედრო ბიუჯეტს სამჯერ აღემატება“, - ამბობს ლუკ კოფი, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

2008 წელს ყველა ამბობდა, რომ რუს ჯარს ქართველებმა ცხვირ-პირი დაუსისხლიანეს.

კოფი საქართველოს და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეს წლებია იკვლევს - თავის დროზე, სწორედ მან წამოწია საქართველოს ნატოში გარკვეული დათქმებით გაწევრების იდეა - რომლის მიხედვითაც, კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგებოდა. ამერიკელი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი მიდგომა შესაძლოა უკრაინის მიმართაც გამოდგეს, მაგრამ ეჭვობს, რომ რუსეთი, რომელიც ღიად მოითხოვს უკრაინისგან ნატოზე უარის თქმას, ასეთ კომპრომისს დაყაბულდება.

კოფის აზრით, ამერიკული შეიარაღების ახალი მარაგების წყალობით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვა - „ვფიქრობ, ზელენსკი კმაყოფილი დარჩება იმ შეიარაღებით, რომელსაც მივცემთ, განსაკუთრებით ახალთახალი ტაქტიკური დრონებით, ე.წ. Switchblade-ებით - გულახდილად გითხრათ, ზელენსკის რომ ასეთი ეფექტური გამოსვლა არ ჰქონოდა კონგრესში, არა მგონია, ადმინისტრაცია ამ დრონებს შელეოდა, რადგან ჩვენ თვითონაც შეზღუდული რაოდენობით გვაქვს“, - ამბობს კოფი.

რადიო თავისუფლება: ეს დრონები ნამდვილად იქცა ფართო დებატების საგნად - რეალურად, რამდენად დიდი შეიძლება იყოს მათი გავლენა ომის მსვლელობაზე?

ლუკ კოფი: გარდამტეხ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ტაქტიკურად ეს უკრაინას ძალიან დაეხმარება. პირველ რიგში, ის ძალიან მარტივია გამოსაყენებლად - თუ ჯარისკაცს შეუძლია „სმარტფონის“ გამოყენება, ე.ი. ამ დრონსაც უმარტივესად აითვისებს. აქვთ შესაშური სიზუსტე და ეფექტურობა ტანკების, ზოგადად არტილერიის განადგურებისას. ომს მარტო [ეს დრონები] ვერ მოიგებენ, მაგრამ უკრაინას ძალიან გამოადგება.

რადიო თავისუფლება: უკრაინა ითხოვდა, მეტიც, გევედრებოდათ, საბრძოლო თვითმფრინავები გადაგეცათ - და დასავლეთმა საბოლოოდ მაინც უარი თქვა. რატომ?

ლუკ კოფი: ძალიან დასანანია. რაც მოხდა, ჩვენზე კარგად არ მეტყველებს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გასაჯაროვდა ეს, თუ შეთანხმება უკვე მიღწეული არ იყო. ამან შექმნა შთაბეჭდილება, რომ ვართ სუსტები და გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. თანაც, ჩვენი არგუმენტები ყოვლად არადამაჯერებელი იყო - მათ უპრობლემოდ ვაძლევთ 150 000-დოლარიან Stinger-ს მხარზე შემოსადებად და რუსული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, მაგრამ ვერ ვბედავთ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას? ერთი თითქოსდა უფრო პროვოკაციულია, ვიდრე მეორე? ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტია. არ ვიცი, რა პრობლემა აქვს ბაიდენის ადმინისტრაციას ამ საკითხთან. მაგრამ მთლიანობაში, ვთვლი, რომ გავიდა ის ეტაპი, როდესაც საჯაროდ ვაცხადებდით, რას ვაძლევთ უკრაინას. ბევრი ლაპარაკი არაფერში გვჭირდება - იმის ნაცვლად, რომ გამოვაცხადოთ - იცით, ვაპირებთ უკრაინას გადავცეთ სლოვაკეთის C-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ჯობია, პირდაპირ გავაკეთოთ ეს, პიარაქციების გარეშე.

რუსეთის დამარცხება უკრაინაში შანსია საქართველოსთვის, და არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც, რომ რუსული უღელი გადაიგდონ, ერთი თაობის მანძილზე.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად თვითმფრინავებზე უარისა, კიევში აცხადებენ, რომ მიცემული შეიარაღებით თავადვე ჩაკეტავენ ცას - ეს სამხედრო ბრავადაა თუ რეალური სცენარი?

ლუკ კოფი: ვფიქრობ, რომ უკრაინის ცა, რუსეთის გადმოსახედიდან, იმდენად სახიფათო გახდება, რომ მათთვის ეს ჩაკეტვის ტოლფასი იქნება. რუსების მთელი სამხედრო გეგმა აწყობილი იყო იმაზე, რომ ცას არავინ „შეედავებოდათ“ და ის, რომ ასე არ მოხდა, უკვე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა უკრაინისთვის. რუსები ვარაუდობდნენ, რომ ცა მათი იქნებოდა, გადაისროდნენ დანაყოფებს, დაუბრკოლებლად განახორციელებდნენ ავიაიერიშებს და დაბომბვებს - ეს ყველაფერი არ გამართლდა, ყველა მსგავსი მცდელობა რუსებს ძვირად უჯდებათ, დღე არ გავა, ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი რომ არ ვნახოთ.

ასე რომ, კონკურენტუნარიანი ცა არის ის, რაზეც უკრაინამ შეიძლება რეალურად იმუშაოს. ამაზე უკეთესი მხოლოდ ე.წ. no fly zone-აა, მაგრამ ეს არ მოხდება, ამაზე ლაპარაკიც კი წყლის ნაყვაა.

რადიო თავისუფლება: ლავროვმა გადაჭრით გაიმეორა მანამდე სხვა მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადება - რომ რუსეთი ლეგიტიმურ სამიზნედ განიხილავს უკრაინისთვის გაგზავნილ ნებისმიერ სამხედრო ტვირთს. თუ მართლაც ამოიღეს მიზანში, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?

რადიო თავისუფლება: თუ ეს მოხდება ნატოს ტერიტორიაზე, ეს გადაიქცევა სამხედრო კონფლიქტად ნატოსა და რუსეთს შორის. აი, ასე, მარტივად. თუ უკრაინაში, მაშინ უკრაინელებს არ გაუმართლებთ. მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - უკვე ვნახეთ, რომ რუსებს Javelin-ებიც ჩაუვარდათ ხელში და NLAW-ებიც. ეს ომია, ასეთი რამეები ხდება. მეცინება ჩემს ზოგ კოლეგებზე, რომლებიც ვიშვიშებენ - ოჰ, არა, ახლა რუსებს Javelin-ი აქვთ! ასეთი გულუბრყვილო როგორ უნდა იყო, რომ გეგონოს, 30 წლის განმავლობაში რუსებს ახლაღა ჩაუვარდათ ხელში Javelin-ი? თანაც, რუსეთმა გვაჩვენა, რომ მოძრავ სამიზნეებზე რეაგირება უჭირთ. შეიძლება გაუმართლოთ და რაიმე კოლონა ააფეთქონ, მაგრამ ეს ომის მსვლელობაზე გარდამტეხ გავლენას ვერ მოახდენს.

რეალური გახდა სცენარი, რომლის მიხედვითაც რუსული არმია ბრძოლის ველზე დამარცხდება... ამ შემთხვევაში, უკრაინელები შეძლებენ საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნონ, მათ შორის, დონეცკი და ლუგანსკიც.

რადიო თავისუფლება: სანამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადავიდოდეთ, ბოლო კითხვა საბრძოლო თეატრზე - რა სურათი გვაქვს ახლა და რას უნდა ველოდოთ?

ლუკ კოფი: ვფიქრობ, საბოლოოდ გაქარწყლდა ილუზიები იმის შესახებ, რომ რუსეთი ამ ომიდან უპირობო გამარჯვებული გამოვა. დასავლეთმა უნდა გაიაზროს, რომ შესაძლოა უკრაინა ამ ომში არათუ არ დამარცხდეს, არამედ გაიმარჯვოს კიდეც. უკრაინის გამარჯვებაში ვგულისხმობ არა იმას, რომ უკრაინა შეიჭრება რუსეთში და მოსკოვს დაიპყრობს, არამედ იმას, რომ რეალური გახდა სცენარი, რომლის მიხედვითაც რუსული არმია ბრძოლის ველზე დამარცხდება, მიზეზთა ამ კომბინაციის გამო: დაბალი მორალი, მომარაგების მოშლა, არეულობები ან ღია ჯანყი მოსკოვში. ამ შემთხვევაში, უკრაინელები შეძლებენ საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნონ, მათ შორის - დონეცკი და ლუგანსკიც კი, თუმცა, ვშიშობ, ყირიმი ამ სიის ყველაზე ბოლო კომპონენტია. ერთ მხარეს გვყავს ზელენსკი და უკრაინელები, რომლებიც თავიანთ მიწას სისხლის ბოლო წვეთამდე იცავენ და საკუთარი ხუთი თითივით იცნობენ თითოეულ კუთხე-კუნჭულს, მეორე მხრივ კი, დემორალიზებული, დაბნეული რუსული არმია. გახსოვთ ის შთამბეჭდავი, მასშტაბური ZAPAD-ის წვრთნები? თვალში ნაცრის შეყრა გამოდგა. რუსული არმიის არაკომპეტენტურობამ ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. 2008 წელს ყველა ამბობდა, რუსებიც კი აღიარებდნენ, რომ რუსებს ქართველებმა ცხვირ-პირი დაუსისხლიანეს, მიუხედავად ომში დამარცხებისა. შემდეგ რუსები აცხადებდნენ, რომ აქედან გაკვეთილი უნდა ესწავლათ, ჩაეტარებინათ ესა თუ ის რეფორმა, უკეთესი კომუნიკაციები, ლოგისტიკა, ა.შ. როგორც აღმოჩნდა, არცერთი ეს გაკვეთილი არ უსწავლიათ. ამას გარდა, ვნახეთ, რომ აგზავნიან დამატებით სამხედრო დანაყოფებს ყველა ბაზიდან, ცხინვალიდანაც კი. ყარაბაღის რუსი „მშვიდობისმყოფელებიც“ კი გამოიძახეს. რუსეთის დამარცხება უკრაინაში შანსია საქართველოსთვის, და არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც, რომ რუსული უღელი გადაიგდონ, ერთი თაობის მანძილზე. ამას გარდა, რუსეთის დამარცხება გარდაუვლად ნიშნავს პუტინის დამარცხებასა და დასასრულს. პუტინის შემდეგ კი, რუსეთმა, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, შესაძლოა ათათურქის კურსი აირჩიოს - ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარება და საკუთარი საზღვრების მიხედვა, იმის ნაცვლად, რომ ყარაბაღში, სირიაში, ტაჯიკეთსა და ცხინვალში „იმაიმუნონ“. თანაც, უკრაინაში ნადგურდება რუსული ჯარის საუკეთესო, ყველაზე კარგად მომზადებული ნაწილები - დესანტი, ავიაცია, ფლოტი. მათ გადამზადება-ჩანაცვლებას წლები დასჭირდება.

ასე რომ, ვფიქრობ, სეისმური ცვლილებების მომსწრენი ვართ ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

Stinger-ები და Javelin-ები საქართველოსაც აქვს, და გამოყენებაც იციან.

რადიო თავისუფლება: მოლაპარაკებებზე გადავიდეთ. თუ Financial Times-ს დავუჯერებთ, რუსეთი განუხრელად ითხოვს უკრაინის ნეიტრალიტეტსა და დემილიტარიზაციას - რამდენად რეალურია ეს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა, როგორც ჩანს, საპირწონედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ნაკლებს არ თანხმდება?

ლუკ კოფი: როგორც კი ნეიტრალიტეტის თემა გააქტიურდება ხოლმე პრესაში, მკითხველმა თავის თავს უნდა ჰკითხოს - რომელი ქვეყანა იხეირებს იმით, რომ უკრაინა ნეიტრალური იქნება? და შემდეგ დასვით მეორე შეკითხვაც - ჰგავს უკრაინა ნეიტრალურ ქვეყანას? ვფიქრობ, ეს მოსკოვის ნარატივია, იმის ხაზგასმა, რომ ნეიტრალიტეტი განიხილება. მაგრამ განხილვა არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები რამეზე თანხმდებიან. როდესაც რუსეთი ნეიტრალიტეტზე საუბრობს, ისინი არ გულისხმობენ, რომ უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, ისინი გულისხმობენ, რომ კიევი მოსკოვის ფრთის ქვეშ უნდა იყოს შეყუჟული. არა მგონია, უკრაინაში ვინმეს მსგავსი პერსპექტივა ხიბლავდეს და სერიოზულად განიხილავდნენ ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და დემილიტარიზაციას. თანაც, თუ მართლა გინდა ნეიტრალიტეტი, დემილიტარიზაციის ნაცვლად, პირიქით, მილიტარიზაცია უნდა დაიწყო, რომ ეს ნეიტრალიტეტი დაიცვა.

რადიო თავისუფლება: და მაინც, თუ უკრაინას აიძულებენ რუსეთის მოთხოვნებს დათანხმდეს, რას მოასწავებს ეს საქართველოსთვის და მისი ევროატლანტიკური ამბიციებისთვის?

ლუკ კოფი: ეს ნიშნავს, რომ ვეტო ისევ რუსეთს დარჩა ხელში. თუ საბოლოოდ უკრაინა განაცხადებს, რომ ნატოში გაწევრებაზე სამუდამოდ უარს ამბობს და შემდეგ რაიმე ფორმით ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, განსაკუთრებით, თუ ისინი შეიარაღებაზეც იტყვიან უარს - ეს საქართველოს მისწრაფებებისთვის ერთობ სერიოზული დარტყმა იქნება, ეს თქვენს ატლანტიკურ მომავალს დაემუქრება.

უკრაინისგან ნატოზე უარის თქმა საქართველოს ატლანტიკურ მომავალს დაემუქრება.

რადიო თავისუფლება: ბევრი შიშობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში მარცხს განიცდის, სანუგეშო პრიზად შესაძლოა საქართველო ამოიღოს მიზანში. რამდენად რეალურია მსგავსი სცენარი?

ლუკ კოფი: ნაკლებად სავარაუდოა. პირველ რიგში, თუ ისინი მარცხდებიან უკრაინაში, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების დიდი ნაწილი ან განადგურებულია, ან საბრძოლად უვარგისი. მეორე - ეს რუსეთს თავს დაატეხს კიდევ უფრო მძიმე საერთაშორისო სანქციებს - განსაკუთრებით საქართველოზე გამავალი გაზსადენების ფაქტორის გათვალისწინებით. ამას გარდა, Stinger-ები და Javelin-ები საქართველოსაც აქვს, და გამოყენებაც იციან, განსაკუთრებით მათ, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის. რუსეთის არმიის მთავარი ნაწილები 1600 კილომეტრის მოშორებითაა განლაგებული, უკრაინაში, და მათი კავკასიაში გადმოყვანა არც ადვილი საქმე იქნება და დიდ დროსაც წაიღებს. თანაც პუტინს მოუწევს, უთხრას ჯარისკაცებს, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს ომი, რომ დღეს სხვა ომს იწყებს. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ვფიქრობ, იმ სიტუაციაშიც კი, რომელიც ახლა გვაქვს, რუსეთის ჯარს ისეთი მწარე ალიყური აჭამეს, რომ კარგა ხნით გაუქრეს მსგავსი ავანტიურების ხალისი.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG