Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 მარტს


რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსიდან თურქეთში ინაცვლებს

28-30 მარტს რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფები ისევ პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ამჯერად შეხვედრა თურქეთში გაიმართება. როგორც დელეგაციის წარმომადგენელმა უკრაინის მხრიდან, პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ დაწერა ფეისბუქზე, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რუსეთი და უკრაინა ბოლო შეხვედრებს ონლაინრეჟიმში მართავდნენ, მანამდე კი ერთმანეთს ბელარუსის ტერიტორიაზე ხვდებოდნენ პირისპირ.

ამ ფორმატში გამართული დიალოგი ძირითადად ჰუმანიტარულ დერეფნებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს შეეხება. ამ დრომდე ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრა უკრაინასა და რუსეთს შორის თვის დასაწყისში თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შედგა, თუმცა პროგრესის გარეშე დასრულდა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ვითარება უკრაინაში: მარიუპოლის ალყა მჭიდროვდება, თუმცა ქალაქი არ ნებდება

აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლის მერის თქმით, ქალაქში „ათასობით“ ადამიანი დაიღუპა და 2600-მდე საცხოვრებელი სახლის 90%-მდე დანგრეულია ან დაზიანებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი თვის განმავლბაში.

როგორც მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ თქვა, რუსეთის ჯარები აკონტროლებენ ქალაქის რამდენიმე კვარტალს და ქალაქის სიღრმეში მიიწევენ. მაგრამ, მისი თქმით, მარიუპოლი, რომელიც ომამდე ნახევარ მილიონზე მეტ მოსახლეს ითვლიდა, ჯერაც „უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა“. მისი თქმით, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ქალაქის გარეუბნები, „ქალაქი ალყაშია და ის მჭიდროვდება“.

ომის ერთი თვის თავზე უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის პროგნოზით, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ „უკრაინის ტოტალური პარტიზანული“ კამპანია დაიწყება. ასევე, მისი სიტყვებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინა ორად გაყოს ისე, როგორც გაიყო კორეის ნახევარკუნძული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მაგრამ, გენერალ კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინა მოიგერიებს რუსეთის ჯარებს, რომლებიც მის ქვეყანაში 24 თებერვალს შეიჭრნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით.

წაიკითხე მეტი.

საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი

გაძვირებული საწვავის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გმირთა მოედანი პოლიციამ გუშინ საღამოს გახსნა. აქციის მონაწილეების ცნობით, დაკავებულია 16-მდე ადამიანი.

აქცია საწვავის გაზრდილი ფასების წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, საიდანაც მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ და მოძრაობა გადაკეტეს. მცირეხნიანი მიტინგის შემდეგ კი დემონსტრანტებმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს და ესტაკადები ჩაკეტეს, რამაც მძღოლების დაპირისპირება გამოიწვია.

წაიკითხე მეტი.

შონ პენი: თუ კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ზელენსკის არ ჩართავენ, ჩემს „ოსკარს“ გადავადნობ

ამერიკელმა ოსკაროსანმა მსახიობმა და აქტივისტმა შონ პენმა მოუწოდა ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიური დაჯილდოების მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, ბოიკოტი გამოუცხადონ წლევანდელ ცერემონიას, თუ მასში ვირტუალურად მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც არ მიიღებს.

„სიენენთან“ საუბრისას შონ პენმა თქვა: „თუ აკადემიამ გადაწყვიტა, ეს არ გააკეთოს, თუ წამყვანებმა გადაწყვიტეს, რომ არ დაუკავშირდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ ნაცვლად ტყვიებსა და ბომბებს უმკლავდება“, მაშინ მთელი 94-ე დაჯილდოება იქნება, როგორც „ყველაზე უხამსი მომენტი მთელ ჰოლივუდის ისტორიაში“.

შონ პენმა, რომელიც ამჟამად პოლონეთიდან ახორციელებს უკრაინის ჰუმანიტარ დახმარებას, თქვა, რომ თუ კინოაკადემია ზელენსკის არ მიიწვევდა, ის გადაადნობდა თავის „ოსკარს“, რომელიც 2008 წელს, ფილმ „მილკში“ შესრულებული როლისთვის მიიღო.

ოსკარების 94-ე დაჯილდოება ამაღამ გაიმართება. გამარჯვებულები და სხვა სიახლეები, წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

„ქართული ოცნება“ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს პასუხობს - საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება გაუმართლებელია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება" და თქვეს, რომ საქართველო არ გადაუხვევს სამშვიდობო პოლიტიკას მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლებაში მოქმედ მხარდამჭერებთან ერთად, ცდილობენ ქვეყნის „ომში ჩათრევას“.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ არსებობენ „სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად“. ირაკლი ბერაიას თქმით, „სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკის მომგვრელი“.

წაიკითხე მეტი.

8 ამბავი პუტინზე

2000 წლის 26 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ვლადიმირ პუტინი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად, ამავე წელს გამოვიდა წიგნი მის შესახებ: „პირველი პირისგან - საუბრები ვლადიმირ პუტინთან“.

წიგნის ავტორებმა (წიგნს სამი ავტორი ჰყავს - ნ. გევორქიანი, ნ. ტიმაკოვა, ა. კოლესნიკოვი) ჩაწერეს ინტერვიუები პუტინსა და მის ახლობლებთან. წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ომის დროს პუტინის ოჯახი სიღარიბეში. წიგნის მიხედვით, მშობლები პიტერში 1932 წელს გადავიდნენ. დედა მაშინვე ქარხანაში მოეწყო, მამა ჯარში გაიწვიეს. როცა დაბრუნდა, ერთი წლის შუალედით ორი ბიჭი გაუჩნდათ. ერთი რამდენიმე თვეში დაიღუპა...

ომის დროს ლენინგრადში ბავშვებისთვის ბავშვთა სახლების მსგავსს აკეთებდნენ, რომ გადაერჩინათ. ასეთ ბავშვთა სახლში მეორე ბიჭი დიფტერიით დაავადდა და ისიც გარდაიცვალა...

კიდევ რამდენიმე ისტორია პუტინის ადრეული ცხოვრებიდან წაიკითხე აქ.

უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე საქართველოში ძალადობრივი პრორუსული ძალები გააქტიურდნენ. „თავისუფლების მონიტორმა” გამოიძია მათი კავშირები ხელისუფლებასთან, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. ნახეთ ახალი ჟურნალისტური გამოძიება - „მეტი ძალადობა, მეტი რუსეთი”.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG