რუსმა სამხედროებმა როვნოს ოლქში მდებარე ნავთობბაზას რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც შენობა სრულად განადგურდა. ამის შესახებ როვნოს ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა, ვიტალი კოვალმა, აცნობა „უკრაინსკა პრავდას“. მისი თქმით, თავდასხმა 26 მარტს გვიან ღამით მოხდა.
მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა,
მანამდე რუსმა სამხედროებმა 14 მარტს, დილით, სარაკეტო იერიში განახორციელეს ქალაქ როვნოს მახლობლად მდებარე სატელევიზიო ანძაზე. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კოვალის ინფორმაციით, ანძის დანგრევის გამო შეწყვეტილია ტელერადიო მაუწყებლობა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა რაოდენობა 4.5 მილიონს აჭარბებს.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.