Accessibility links

site logo site logo

აზერბაიჯანის "მეორე ფრონტი" თუ სომხეთის დასჯა - რა ხდება რეგიონში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ?


რუსული ტანკი უკრაინის ქალაქ ვოლნოვახაში. მარტი, 2022 წელი.

მთიან ყარაბაღში ვითარების ბოლოდროინდელი გამწვავება და დამატებითი ტერიტორიის დაკავება, რუსეთში აზერბაიჯანს "მეორე ფრონტის" გახსნად ჩაუთვალეს. მკაცრია ბაქოდან მოსკოვისთვის გაგზავნილი მესიჯებიც. თბილისი კი რეგიონული მშვიდობის შესახებ საუბრობს.

29 მარტს საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა სომხეთის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით და, ოფიციალური ცნობით, მხარეებმა პრემიერ ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივაზე იმსჯელეს.

  • რას მოასწავებს აზერბაიჯანის მოქმედებები და მკაცრი ტონი მოსკოვსა და ბაქოს შორის?
  • როგორ აღიქმება ყარაბაღის გარშემო გაზრდილი დაძაბულობა უკრაინაში, რუსეთის შეჭრის ფონზე?

აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი, აგილ რუსტამზადე
UKRLIFE.TV-ის ეთერში ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა, სომხეთთან დაპირისპირებისას, დაიცვა თავისი ინტერესები, რაც უგულებელყოფილი იყო რუსეთის ფედერაციის მიერ. იმის გამო, რომ მოსკოვი არ ასრულებდა ბაქოს მოთხოვნებს, რუსტამზადეს თქმით, აზერბაიჯანულმა არმიამ დაიკავა სტრატეგიული სიმაღლე, საიდანაც სეპარატისტების შემოტევისგან ქალაქ აგდამის დაცვაა შესაძლებელი.

„რუსეთის კონტინგენტს, რომელიც იქ [ყარაბაღში] დგას, უნდა გამოეყვანა შენაერთები, რადგან ამ შენაერთების ნაწილია სომხეთის შეიარაღებული ძალები. მათ ეს არ გააკეთეს. არის შემთხვევები, როცა რუსეთის კონტინგენტი იქ სამხედრო საქმეს ასწავლის სკოლებში... სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყარაბაღში არის 3-5 ათასი შეიარაღებული ადამიანი. როგორ ხდება ამ ხალხის უზრუნველყოფა იარაღითა და სხვა საჭიროებებით, რუსეთის კონტინგენტის გარეშე?... ჩვენი ქვეყნის არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ გამოიყვანა შეიარაღებული ფორმირებები და იქიდან გრძელდებოდა სროლა“, - ამბობს რუსტამზადე.

რუსეთის 2000-წევრიანი სამხედრო კონტინგენტი, მშვიდობისმყოფელის სტატუსით, რეგიონში მას შემდეგ შევიდა, რაც 2020 წლის 10 ნოემბერს, 44-დღიანი ომის შემდეგ, ბაქომ და ერევანმა, სწორედ მოსკოვის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას. ამ ომის შედეგად, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის 1/3 და კიდევ, ერთნიკური სომხებით დასახლებული 7 მიმდებარე რაიონი აზერბაიჯანის ხელში გადავიდა.

აგილ რუსტამზადე განმარტავს, რომ ვითარება ამჟამად მშვიდია და „საუბარი არ არის მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებზე“, მაგრამ ბოლო დღეების დაძაბულობამ ცხადად გამოკვეთა ბზარი რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთმანეთს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებიც დაუპირისპირდნენ.

სავარაუდოდ, მოსკოვის განწყობას გამოხატავს კრემლის პროპაგანდისტული მედიაც.

„აზერბაიჯანთან არის შეკითხვები... მათ ოფიციალურ დონეზე უარყვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება... შეიძლება ახლა მთლად ამის დრო არ არის, მაგრამ ამის გარკვევაა საჭირო“, - თქვა „როსია 24“-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანმა, დასავლეთის მიერ სანქცირებულმა ოლგა სკაბეევამ თავის გადაცემაში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე საუბრისას.

იქვე სკაბეევამ „რუსეთის დიპლომატიის გამარჯვებად“ შეაფასა საქართველოს უარი რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე და შესძახა - „გასაკვირია!“

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადება, რომელსაც სკაბეევა ახსენებს, საკმაოდ მწვავე და შემტევია.

27 მარტით დათარიღებულ თავის განცხადებაში, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის უწყებას, სიცრუის გავრცელების გარდა, უპატივცემლობაშიც ადანაშაულებს და ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 2 დღით ადრე, 22 თებერვალს, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სამოკავშირეო შეთანხმება გააფორმეს.

„სიმართლეს არ შეესაბამება [რუსეთის თავდაცვის სამინისტროს] ინფორმაცია აზერბაიჯანული არმიის შენაერთების პოზიციებიდან უკანდახევის შესახებ. ჩვენი არმია სრულად აკონტროლებს ოპერატიულ ვითარებას“, - ვკითხულობთ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ 27 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიანიშნა, რომ ბაქომ დაარღვია „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, მაგრამ კომუნიკაციის შედეგ, უკან დაიხია. უწყება იტყობინებოდა, რომ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქტარით“ ოთხი დარტყმა განახორციელა დასახლებულ პუნქტ ფურუხის მახლობლად.

ბაქოდან მოსკოვს შეცდომა გაუსწორეს - ჩვენს ტერიტორიაზე არა სოფელი ფურუხი (Фурух), არამედ სოფელი ფარუხია (ФАРРУХ) და შემდეგ განცხადებებში ცოტა უფრო ყურადღებით იყავითო.

ბაქოდან ასევე შეუთვალეს მოსკოვს, რომ საერთოდ აღარ ახსენოს „მთიანი ყარაბაღი“, რადგან ასეთი სახელწოდების „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არის“.

„ტერმინ „მთიანი ყარაბაღის“ გამოყენება რუსეთის თავდაცვის უწყების 26 და 27 მარტის განცხადებაში, წარმოადგენს უპატივცემლობას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის და მათ შორის რუსეთის მიერაც“, - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. ის რუსეთის თავდაცვის უწყებას ბრალს სდებს როგორც სამოკავშირეო შეთანხმების უგულებელყოფაში, ასევე - საკუთარი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოზიციის იგნორირებაშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გაძნელებულ ბრძოლებში დასახმარებლად, რუსეთმა სომხეთში მოქმედი გიუმრის ბაზის გარდა, რუსეთის სამხედროების ნაწილი ყარაბაღიდანაც გაიყვანა - სხვადასხვა წყაროს ცნობით, რამდენიმე ასეული ჯარისკაცი.

შესაბამისად, ექსპერტების ნაწილი ასკვნის, რომ თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა აზერბაიჯანმა „დრო იხელთა“, რუსეთის ინტერესებს გადააბიჯა, წინ წაიწია და თავისი სვლით, უკრაინასაც კარგი საქმე გაუკეთა.

„შეინიშნება აზერბაიჯანის მცდელობა, რომ აიძულოს რუსეთი, შეასრულოს სამმხრივი შეთანხმება და გამოიყვანოს თავისი შენაერთები რუსეთის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ზონიდან. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის „მეორე ფრონტია“ და გვეხმარება, როგორიც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით“, - თქვა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა ერთ-ერთ გადაცემაში.

უკრაინისთვის „მეორე ფრონტის“, მათ შორის - საქართველოში გახსნის სარგებელზე მანამდე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმაც ილაპარაკა და ხმაურიანი დისკუსიები გამოიწვია საქართველოში.

ექსპერტები გაუაზრებელს უწოდებენ საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრას უჭერს მხარს. პოლიტიკურ სპექტრში, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ასეთი პოზიცია არ გამოვლენილა.

„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე, გიორგი კანაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში უმრავლესობას ესმის, რომ ასეთი სვლა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და ვერც არსებულ პრობლემას გადაჭრის. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ექსპერტის შეფასებით, ბაქომ „ნიადაგი მოსინჯა“ და პროცესის გაგრძელება რუსეთის რეაქციებზე ან მდგომარეობაზე, მათ შორის - ომის შედეგებზე, იქნება დამოკიდებული.

„თუკი საბოლოოდ გამოჩნდება, რომ რუსეთი ვერ იცავს მოკავშირეებს მთიან ყარაბაღში, შემდეგ, შესაძლოა, ეს პროცესი დომინოს პრინციპითაც გაგრძელდეს და გადაედოს ახლო აღმოსავლეთსაც. არ დაგვავიწყდეს, რომ მაგალითად სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სწორედ რუსეთის მხარდაჭერაზე დგას. შესაძლოა გარკვეული პროცესები ცენტრალურ აზიაშიც დაიწყოს“, - გვეუბნება კანაშვილი.

29 მარტს თბილისში სომხეთის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონში არსებული ვითარება.

„ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას" დაეთმო, რომელიც მიზნად დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას ისახავს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მშვიდობიან თანამშრომლობას და სამხრეთ კავკასიაში თანაარსებობას ყოველთვის მხარს უჭერდა და მზადაა, რეგიონულ დიალოგში თავისი წვლილი შეიტანოს“, - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას“, - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მედიისთვის განცხადებები არ გაკეთებულა.

მთიან ყარაბაღში მოვლენების ბოლოდროინდელი გამწვავების მიზეზებზე მსჯელობისას, ექსპერტები კიდევ ერთი ვერსიაზე ლაპარაკობენ. უკრაინელი ექსპერტი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, ილია კუსა არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა გადაწყვიტა წნეხის ქვეშ მოექცია ერევანი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთს.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი (აზერბაიჯანისგან განსხვავებით) რუსეთის სამხედრო ალიანსის - ОДКБ-ს წევრია, ერევანმა უარი თქვა უკრაინაში „მოხალისეების“ გაგზავნაზე და ასევე, უკრაინის საკითხში რუსეთს მხარი სომხეთმა არც გაეროს ფარგლებში გამართულ რამდენიმე კენჭისყრაზე დაუჭირა.

ექსპერტები მოელიან, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა და იქ გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომი, რომელსაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ეწინააღმდეგება, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მათ შორის რეგიონში ომამდე არსებულ ურთიერთობებზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG