თბილისში ლუგანსკის ოლქიდან ლტოლვილი უკრაინელი ოჯახის მანქანა გაქურდეს. ელიზავეტა ფილატოვა ამბობს, რომ მანქანიდან მოპარულია ყველაფერი, ფეხსაცმელებიდან დაწყებული, 6 500 დოლარად ღირებული ტექნიკით დამთავრებული.
"გადაბრუნებულია მანქანა მთლიანად, რომელიც ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში დაბომბვას გადაურჩა. აქ ჩემი და ჩემი შვილის უსაფრთხოებისთვის ჩამოვედი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ზოგიერთი არაადამიანი ლტოლვილებს რაიმეს მოჰპარავდა, ხალხს, რომელიც ჯოჯოხეთს გამოექცა", - ამბობს ელიზავეტა ფილატოვა და დასძენს, რომ სამართლიანობის შეგრძნება დაკარგა და პოლიციის დახმარების იმედი არ აქვს.
მისი თქმით, ენობრივი ბარიერის მიზეზით პოლიციამ თავდაპირველად საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყო და უთხრეს, რომ მოგვიანებით დაუკავშირდებოდნენ.
"[მომხდარის შესახებ] პოლიციას 15:00 საათზე შევატყობინეთ. ისინი მანქანასაც არ მიუახლოვდნენ, არც თითის ანაბეჭდები აუღიათ. რუსული ენის თარჯიმანი გვჭირდება და დაგირეკავთო. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავავრცელე ინფორმაცია, ღამის 12 საათზე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მოდიან. ღამის 12 საათზე, 4 წლის ბავშვთან ერთად ვარ თან", - ამბობს უკრაინელი ლტოლვილი.
შემთხვევა გუშინ, 31 მარტს, გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე მოხდა.
ელიზავეტა ფილატოვა ოჯახთან ერთად საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა, მათ ვასაძის ქუჩაზე ბინა რამდენიმე დღით ჰქონდათ ნაქირავები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.