ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სამუშაო ვიზიტით რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რესპუბლიკაში ჩავიდა. ამის შესახებ ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება.
„დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან. განიხილება დონბასის მოსახლეობის დასახმარებლად თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა დინა გასიევამ.
ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს შეხვედრებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასულ მოხალისეებსა და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძვიან. ბიბილოვმა ოკუპირებულ დონეცკში 20 ტონა ჰუმანიტარული ტვირთიც ჩაიტანა.
„ჩვენ გვესმის, რომ თუ იქ არ გავიმარჯვებთ, თუ არ მივაღწევთ გამარჯვებას ამ ნაციზმის ბუნაგში, ხვალ ეს ნაცისტები, საქართველოს რესპუბლიკის ნაცისტებთან ერთად, უკვე სამხრეთ ოსეთში იქნებიან. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, დავამარცხოთ ეს ნაციზმი, ნეონაციზმი, ფაშიზმი“, - განაცხადა ბიბილოვმა ოკუპირებულ დონბასში გამგზავრებამდე. მანამდე, ოთხშაბათს, მან განაცხადა, რომ რესპუბლიკაში რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. როგორც მოგვიანებით დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა თქვა, რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ცხინვალში გაიმართება.
ბიბილოვის პრესმდივნის დინა გასიევას განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში შეერთების საკითხზე ყველა სამართლებრივი პროცედურა დასრულდება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 10 აპრილს გაიმართება.
ბიბილოვი არაფერს ამბობს ოკუპირებულ ცხინვალში დაბრუნებული თუ გამოქცეული ოსი მებრძოლების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო მე-4 ბაზის ჯარისკაცები არიან. ისინი 16 მარტიდან ორ ეტაპად წაიყვანეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. 30 მარტს ისინი სახლში დაბრუნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ არც ტექნიკა ჰქონდათ, არც აღჭურვილობა და "საზარბაზნე ხორცად" პირდაპირ ბრძოლის ველზე შეუშვეს. ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინიდან დაახლოებით 300 მებრძოლი დაბრუნდა, 800-მდე მოხალისე კი ისევ იქ რჩება.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა. ომმა, ორივე მხარეს, უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
დაწერეთ კომენტარი