ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში უამინდობა გრძელდება. სამშაბათს კიდევ ერთხელ ჩაკეტეს როკის გვირაბი. ყველა სახეობის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
სამშაბათს ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა შეწყდება, - ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. „ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ამიერკავკასიის გზატკეცილზე მოძრაობა აკრძალულია“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
როკის გვირაბი მარტში რამდენჯერმე იყო დაკეტილი. ამის გამო დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციიდან ტვირთების მოძრაობა გართულებულია. პროდუქციის დეფიციტი კი ადგილზე ფასების ზრდას იწვევს. ამას ემატება რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები, რაც ოკუპირებულ რეგიონებზეც აისახება. ადგილობრივი მეწარმეები რუსეთში უკვე გაძვირებულ ფასებში ყიდულობენ აუცილებელ პროდუქტებს და პირველადი მოხმარების საშუალებებს.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.