რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი ირწმუნება, რომ ფინეთი, ნატოში გაწევრიანებით, რუსეთის საპასუხო ზომების სამიზნე გახდებოდა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
მისი სიტყვებით, ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთს რუსეთი მაშინვე გასცემდა პასუხს.
„ფინეთი, ნატოში გაწევრიანებით რუსეთის საპასუხო ზომების სამიზნე გახდებოდა“, - განაცხადა რუსმა სენატორმა.
უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთში ალიანსის წევრობის მხარდაჭერა გაიზარდა. სამუშაო ჯგუფი საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით იკვლევს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების გზებს, მათ შორის, ნატოში შესაძლო გაწევრიანებას.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ უნდა იქნეს მიღებული სწრაფად და უკეთესია, ამ გაზაფხულზე.
28 მარტს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან განიხილა ალიანსში ახალი წევრების მიღების „პრინციპები და პროცედურები“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ფინეთი გამოთქვამს სურვილს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი, ნატო სიამოვნებით მიიღებდა ახალ წევრს.
„ეს არის ის, რასაც რუსეთი არ ელის, რადგან ისინი უკვე ცდილობდნენ ფინეთის დაშინებას და ამბობენ, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, იქნება შედეგები“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
თუმცა, თუ ფინეთი და შვედეთი მზად არიან შეუერთდნენ ალიანსს, ნატო „იპოვის გზას ამის შედარებით სწრაფად გასაკეთებლად“, - თქვა სტოლტენბერგმა.
დაწერეთ კომენტარი