Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ჭანტურიას თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში სიმართლე ისმოდა მისი დირექტორობის დროს


გია ჭანტურია
გია ჭანტურია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გია ჭანტურია, რომელიც ახლა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია, ამბობს, რომ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი მუშაობის დროს ეთერში სიმართლე ისმოდა. ამის შესახებ გია ჭანტურიამ შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების დროს განაცხადა.

გასაუბრების დასრულების შემდეგ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელია და იყო მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", საარჩევნო ღონისძიების პროდიუსერი, გია ჭანტურიას უთხრა:

"დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ რაც ეთერში გადის, ის უნდა იყოს სიმართლე და თქვენი ხელმძღვანელობის დროს სიმართლე არ გადიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე".

"თქვენ არ იძახით სიმართლეს", - უპასუხა გია ჭანტურიამ.

გასაუბრებაზე მან ისაუბრა მაუწყებლის მიღწევებზე მისი დირექტორად მუშაობის დროს, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაკლოვანებებზე აღნიშნულია, მაგალითად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ანგარიშში. ეს ის პერიოდია, როცა ბიზნესმენი და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდის.

"1-ლი არხის მნიშვნელოვან ნაკლად უნდა ჩაითვალოს ფაქტების არასრულად წარმოჩენა/ფაქტების ნაკლებობა", - ვკითხულობთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ქარტიის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამის დასტურად მოყვანილია წინა ხელისუფლების დროს ციხის საკნებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გაშუქება. ანგარიშში საუბარია სხვა ნაკლოვანებებზეც.

გია ჭანტურია მაუწყებლის გენერალური დირექტორი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2009 წელს გახდა. მან თანამდებობა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, მის ნაცვლად კი მისი მოადგილე აირჩიეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 12-მა კანდიდატმა შეიტანა. მათგან თითო-თითო კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნიან საპარლამენტო უმრავლესობა ("ქართული ოცნება"), საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა მყოფი პარტიები და სახალხო დამცველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG